2021 წლის 1 ივლისს თბილისში გაიმართება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა
2021 წლის 1 ივლის თბილისში გაიმართება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის ერთად შეკრება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ასპექტებისა და გამოწვევების, ასევე ცირკულარული ეკონომიკის შეფასებისა და ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებისათვის შერჩეული მეთოდოლოგიური მიდგომის განსახილველად.
ცირკულარობისკენ დაჩქარებული გადასვლის პროცესის პირველი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შესწავლა და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ეს საქმიანობა უკვე დაწყებულია ცირკულარული ეკონომიკის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ მიმართულებით მთავარი ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შექმნილ სამუშაო გუნდსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რათა დადგინდეს ცირკულარობის არსებული დონე, განისაზღვროს ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები, გამოვლინდეს დარგობრივი შესაძლებლობები და განისაზღვროს დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები, რის შემდეგაც შემუშავებული უნდა იქნას საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი და სტრატეგია.
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი, ქართველი ექსპერტების გუნდი. ამას გარდა, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რათა მასში ცოდნის ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი და საკვანძო უწყებები ადრეულ ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში.
პლენარული შეხვედრა ორგანიზებულია სბმკ „ორქისი“-ს მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „ცირკულარული ეკონომიკის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვით საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.