8 მაისი – გადამფრენი ფრინველების დაცვის მსოფლიო დღე
გადამფრენი ფრინველების დაცვის მსოფლიო დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – ოქტომბერსა და მაისში, რადგან ამ თვეებს ემთხვევა ფრინველთა სეზონური მიგრაცია. გადამფრენი ფრინველების დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, მათი დაცვის აუცილებლობაზე ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ამ ფრინველებს მრავალი საფრთხე ემუქრება.
მიგრაციისას ფრინველებს მრავალი წინაღობის გადალახვა უწევთ და ყოველწლიურად საკმაოდ დიდ მანძილს ფარავენ. ინფრასტრუქტურის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების, თუ გლობალური დათბობის მიზეზით დაკარგული საბინადრო გარემოს, ასევე ბრაკონიერობის გამო სახეზეა გადამფრენ ფრინველთა პოპულაციების კლება. ამავდროულად მათი სამიგრაციო გზები მრავალი სახელმწიფოს საზღვრებზე გადის. ამიტომ პრობლემების გადაჭრა ამ სახელმწიფოთა ერთობლივი და შეთანხმებული ქმედებებითაა შესაძლებელი.
ფრინველთა პოპულაციების შემცირების სტატისტიკა საგანგაშოა. კვლავ პრობლემად რჩება მათი მოწამვლის, ასევე უკანონო ვაჭრობის შემთხვევბის არსებობა. მილიონობით ზღვის, მტკნარი წყლის და ხმელეთის ფრინველი იღუპება პლასტიკური ნარჩენების გამო. ისინი ყლაპავენ ასეთი ნარჩენების ნაწილებს, ან იხლართებიან ბადეებში, რაც მათ სიკვდილს იწვევს. ამიტომაცაა საჭიროა სახელმწიფოთა ერთობლივი ძალისხმევა, რათა შეჩერდეს ფრინველთა პოპულაციების, მათი დასვენების და საბუდარი ადგილების დაკარგვისა და შემცირების ტემპი. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გადამფრენ ფრინველთა დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს დაიცვან გადამფრენი ფრინველები და მათი საბინადრო გარემო.