ცირკულარული ეკონომიკის კარტირების თაობაზე წინასწარი ონლაინ-შეხვედრა
2021 წლის 14 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ცირკულარული ეკონომიკის კარტირების (მეფინგის) თაობაზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოში ცირკულარობის კარტირების საკვანძო მიზნები და ამოცანები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა; გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, საერთაშორისო ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობის და ცირკულარული ეკონომიკის სფეროებში ბატონმა დარიუშ პრასეკმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმზღვანელმა ქალბატონმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ ქიმერიძემ და სბმკ“ორქისი“-ს სამუშაო ჯგუფმა.
შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცირკულარული ეკონომიკის კარტირებას საქართველოში, რომელიც მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ასპექტებს: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კარტირება; ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განისაზღვრა და დადგენა; ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა დარგების მიხედვით; ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განისაზღვრა; საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
საქართველო ახლახან ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მზადაა გამოიყენოს მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და რეგიონში ცირკულარული მიდგომის ლიდერად იქცეს.