5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა (World Environment Day – WED)
ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, რაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საჭიროება და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა, გარემოს დასაცავად – ადამიანისვე საკეთილდღეოდ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საფუძველი 1972 წელს, სტოკჰოლმში, ადამიანის საარსებო გარემოსადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩაეყარა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, კონფერენციის პირველსავე დღეს, ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების ინტეგრაციის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 1974 წელს კი ეს დღე პირველად აღინიშნა გლობალურად და მისი ძირითადი გზავნილი იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. ეს იყო ეკოლოგიური პრობლემებისა, თუ მდგრადი სარგებლობისადმი მიძღვნილი ცნობიერების ამაღლების მძლავრი კამპანია და შემდგომში იგი საზოგადოების ყველა ფენის ცნობიერების ამაღლების გლობალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. აქედან მოყოლებული მსოფლიო 5 ივნისს ყოველწლიურად ზეიმობს და ირჩევს წლის თემას/გზავნილს, ხოლო 1987 წლიდან დაიწყო ამ ღონისძიების გამართვის როტაცია, ე.წ. მიმღები ქვეყნების არჩევის გზით.
2019 წელს, კოლუმბიამ, გერმანიამ და გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) განაცხადეს, რომ წელს ამ ღონისძიების მიმღები ქვეყანა კოლუმბია იქნება, გერმანიასთან პარტნიორობით და ყურადღება ბიომრავალფეროვნებაზე გამახვილდება. ეს დროული და მნიშვნელოვანია, ბიომრავალფეროვნებისათვის სულ უფრო მზარდი საფრთხეებისა და მისდამი მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვრის უკიდურესი საჭიროების ფონზე. 2020 წელს 5 ივნისის ძირითადი თემა/გზავნილია – „ვიზეიმოთ ბიომრავალფეროვნება“ (“Celebrate Biodiversity”).
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაეროს მიერ ეს ღონისძიება აღიარებულია გარემოს დასაცავად საჭირო ქმედებების და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ ძირითად საშუალებად.
ბუნებრივია საქართველო, აქ მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგადად საზოგადოება ჩართულია ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის კამპანიაში, აცნობიერებენ რა გარემოს დაცვის და ამისათვის საჭირო ქმედებების განხორცილების პოპულარიზების და ცნობიერების ამაღლების უაღრესად დიდ მნიშვნელობას. მათ შორისაა ჩვენი ორგანიზაციაც. ჩვენც ვუერთდებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს და ყველას მოვუწოდებთ ერთად, გაერთიანებული ძალისხმევით დავიცვათ გარემო და ბიომრავალფეროვნება, თუნდაც თითოეული ჩვენგანის მიერ, ერთი შეხედვით მცირე წვლილის შეტანით, რაც საბოლოოდ მძლავრ ბერკეტად იქცევა დასახული მიზნის მისაღწევად.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.