2019 წლის 3 დეკემბერს ქ. თბილისში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე-ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, შევედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ევროკავშირის წარმომადგენლები; ასევე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს საპარტნიორო ფონდის და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ- ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და მის გამოწვევებზე საქართველოში. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ-ქ-ნმა ნინო წილოსანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ- ქ-ნმა მზია გიორგობიანმა, შევედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელმა- ქ-მა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ ქ-ნმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი. დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. დ-რმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის დებულებების დანერგვასაც ითვალისწინებდა. დ-რ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომლებიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით საკითხებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და პროექტის მხარდამჭერებისათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ დააჩქარონ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ, რომელიც ეხებოდა ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებს და მის გამოწვევებს საქართველოში, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნეს სექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან დაისახა პროექტთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.