ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენცია
2020 წლის 10 მარტს ქ. თბილისში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენცია თემაზე-ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები: საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), შევედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს; ასევე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის, მედიის და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებსა და მის გამოწვევებზე საქართველოში. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში – ბ-ნმა ერიკ ილესმა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ ქ-ნმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი. დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. დ-რმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის დებულებების დანერგვასაც ითვალისწინებდა. დ-რ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომლებიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით საკითხებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და პროექტის მხარდამჭერებისათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ დააჩქარონ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს. გასული წლის დეკემბერში გამართული პირველი წარმატებული კონფერენციის შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფი პოლიტიკის შემქმნელები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მეორე კონფერენცია ჩატარდა სპეციალურად საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რადგან საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების შედარებით მჭიდროდ დასახლებული, ურბანული ტერიტორიები ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის გზაზე მრავალ გამოწვევას ქმნის და, ამავდროულად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ, რომელიც ეხებოდა ცირკულარული ეკონომიკის ასპექტებს და მის გამოწვევებს საქართველოში, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა, პარლამენტის და რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნეს სექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობისა, პარლამენტის და რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, დაისახა პროექტთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.