ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე დაიწყო !
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე „კლიმატის ცვლილება“ რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 იანვარი 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II) რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
ესსეების სათაურებია:
1. „კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთქმედება, ვითარების შერბილების და ადაპტაციის ქმედებები“
2. „კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით“
ესსე „კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთქმედება, ვითარების შერბილების და ადაპტაციის ქმედებები“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ესსეში უნდა აღიწეროს კლიმატის ცვლილების შედეგად რომელიმე კონკრეტულ ეკოსისტემაში (მაგალითად ტყის, ჭარბტენიან, ალპურ საძოვრის, მდინარის და ა.შ.) მომხდარი ცვლილებები; ამ ცვლილებების შედეგები სხვა ეკოსისტემებზე ან/და სახეობებზე ან/და პროცესებზე, მათ შორის ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვის და ა.შ. სფეროებში; მიღებული შედეგების/შექმნილი ვითარების ანალიზი და შემოთავაზებული შერბილების ან/და ადაპტაციის ხელშემწყობი ქმედებები.
ესსე „კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ესსეში უნდა აღიწეროს კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედება/ები რომელიმე კონკრეტული მიმართულებით/კონკრეტულ სფეროში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალურობით/ინოვაციურობით და რომელიც ამავდროულად შესაძლებელია განხილულ იქნას პრობლემის გადაჭრის დადებით/პოზიტიურ, ან პირიქით -უარყოფით/ნეგატიურ მაგალითად. მოცემული უნდა იყოს ამ სიტუაციის ანალიზი/განზოგადება, რომლის საფუძველზე შემოთავაზებული უნდა იყოს საგანმანათლებლო/ცნობიერების ამაღლების მასალა, საზოგადოების რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის (მაგალითად გადაწყვეტილების მიმღები პირები, ბიზნეს-სექტორი და ა.შ.), ან ფართო ფენებისთვის.
თემა მოიცავს შემდეგ კონტექსტს:
მოკლე ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ: გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილებას განსაზღვრავს შემდეგნაირად: “კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირან ირიბად დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან, რაც იწვევს გლობალური ატმოსფერული შემადგენლობის ცვლილებას კლიმატის ბუნებრივ ცვალებადობასთან ერთად, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდებში შეინიშნება.”
კლიმატის ცვლილების გამომწვევია ბუნებრივი (ვულკანის ამოფრქვევა, ოკეანის დინების შეცვლა და ა.შ.) და ანტროპოგენური ფაქტორები (მოსახლეობის ზრდა, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება, მიწათსარგებლობის სახეების ცვლილება და სხვა).
კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და ზოგადად ადამიანის ყოფაზე შემდეგია:
– ტყეების და ჰაბიტატების დეგრადაცია, განადგურება, მახასიათებლების ცვლილება;
– სახეობის გაქრობა-გადაშენების და გავრცელების არეალის ცვლილების გზით;
– ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემცირება-დაკარგვა;
– წყლის შემცირება, გვალვა, ნიადაგების დეგრადაცია-განადგურება, გაუდაბნოება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემცირება და დეგრადაცია, შტორმების, ქარიშხლების, ზვავების, წყალმოვარდნების, მეწყრული პროცესების, სხვა სტიქიური მოვლენების გააქტიურება და სხვა.
კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზია სათბურის აირები (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა.შ.) და მათი კონცენტრაციის ზრდა, რასაც იწვევს: ნავთობის, ნახშირისა და ბუნებრივი აირის წვა; ტყეების განადგურება; ნაკლები ნახშირორჟანგის დაგროვება ბიომასის სახით; ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოთავისუფლება; აქტიური სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მესაქონლეობის განვითარება; მინერალური თუ ორგანული სასუქები; სოფლის მეურნეობაში სასუქების ჭარბი და არამდგრადი გამოყენება და სხვა.
როგორც მოგეხსენებათ, დედამიწა შთანთქავს მზის ხილული სინათლის ნაწილს, ხოლო ინფრაწითელ სხივებს შთანთქავენ ე.წ. სათბური აირები. თუ ამ აირების კონცენტრაცია დიდია, დედამიწაზე მატულობს ტემპერატურაც, რამაც გლობალური დათბობა შეიძლება გამოიწვიოს, რაც მრავალი კატასტროფული მოვლენის მიზეზი შესაძლოა გახდეს (როგორიცაა ზვავები, წყალმოვარდნები, მსოფლიო ოკეანის დონის მატება, ასევე გაუდაბნოება და ა.შ.).
კლიმატის რეგულირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი მცენარეები, განსაკუთრებით ტყეა, რადგან უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთ-ერთი სათბურის აირის – ნახშირორჟანგის შთანთქმას. აქვე შეიძლება აღინიშნოს, მაგალითად, ჭარბტენიანი ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების რეგულირებაში. ტორფიან ჭაობებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნახშირბადის წარმოქმნის ციკლში. ჭაობის მცენარეების მიერ ატმოსფეროდან ნახშიროჟანგის შთანთქმის შედეგად ტორფნარებში აკუმულირდება სხვადასხვა ორგანულ ნაერთებთან დაკავშირებული ნახშირბადის დიდი რაოდენობა.
კლიმატის ცლილებასთან გამკლავება უნდა მოხდეს მისი შერბილებით და ადაპტაციით. შერბილება არის ადამიანის ჩარევა, რათა შეამციროს სათბურის გაზების ემისიები ან გააძლიეროს მათი შთანთქმა.
სათბურის გაზების ემისიების შემცირება და ატმოსფეროში მათი კონცენტრაციის სტაბილიზაცია შესაძლებელია, მაგალითად: ტყეების, ზოგადად მცენარეული საფარის და ჰაბიტატების აღდგენით.
ადაპტაცია არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისადმი, სტრესისადმი და საერთოდ – ახალი პირობებისადმი სისტემის თუ ინდივიდუუმის შეგუების, როგორც უნარი, ასევე თავად პროცესი.
ადაპტაციის, როგორც პროცესის, მიზანია – არსებული და მომავალი ცვლილებებისადმი სისტემის გამძლეობის/მოქნილობის უნარის ზრდა. ადაპტაციის განხორციელება საჭიროებს სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან დაგეგმვას.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი და კურსი.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.