შეხვედრა კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე
2021 წლის 13 დეკემბერს, ქ. თელავში, სასტუმრო „ესკიზი“-ს საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მორიგი შეხვედრა კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ იყო ორგანიზებული, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბ-ნი პლატონ კალმახელიძე, შვედეთის საერთაშორის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სბმკ ორქისის დირექტორი ქ-ნი მარიამ ქიმერიძე, ბ-ნი პერ-ოლოფ ჰალბერგი – Gästrike återvinnare, ნარჩენების მართვის ექსპერტი, ბ-ნი იოან ენგლუნდი – Gästrike Återvinnare, კომუნიკაციის ექსპერტი, ქ-ნი ხათუნა ჩიკვილაძე სბმკ „ორქისი“-ს ნარჩენების მართვის ექსპერტი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მხარის რვავე მუნიციპალიტეტის (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან; სულ 35 ადამიანი.
შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის დაგეგმვისა და მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხების, ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების პროცესის, სამუშაო გეგმისა და გრაფიკის, ასევე კახეთის მხარის სამუშაო ჯგუფთან ერთად ამ მიზნით განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩართულმა შვედმა საერთაშორისო ექსპერტებმა, შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება გაუზიარეს – ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია, რაც მუნიციპალიტეტებს კვალიფიკაციის ამაღლების, საინვესტიციო ხარჯების გადანაწილების, ნარჩენების მართვის რეგიონული სისტემის შემუშავების, რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის, საქმიანობის ოპტიმიზაციის, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის, საერთო პრობლემების ირგვლივ ურთიერთდახმარებისა და აზრების/ ინოვაციების ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს.
ამა წლის 13 დეკემბერს ქ. თელავში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა 2019-2021 წლებში კახეთის რეგიონულ და მუნიციპალურ უწყებებთან ერთად განხორციელებული რიგი სამუშაოები, მათ შორის შეხვედრები, რომლებიც ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების პროცესის მოსამზადებლად და სათანადო ინფორმაციის შესაგროვებლად იყო საჭირო. თავად ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმაც სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდება, რაც ამ დოკუმენტის რეალისტურობას, რეგიონული/ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნარჩენების მართვის კომპანიისათვის მის მისაღებობას, ასევე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის სათანადოდ დაგეგმვის კუთხით გამოცდილების დაგროვებას უზრუნველყოფს.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა 2022 წლის მაისის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად. მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას აკისრია.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე შეხვედრა ორგანიზებულია სბმკ „ორქისი“-სა და შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „შევინარჩუნოთ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.