ბიორემედიაცია ქვემო ქართლის რეგიონში – მარნეულის მუნიციპალიტეტში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ბოლო წლების განმავლობაში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ანხორციელებს საველე კვლევებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მდებარეობს ის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას ისეთი ტოკსიკური ელემენტებით, როგორებიცაა – Pb, Gd, Cu და Zn (მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო მომატებული შემცველობები Gd-ის შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება Hg-ს, მისი შემცველობა ნიადაგის შემადგენლობაში არცერთ შემთხვევაში არ დაფიქისირებულა).
2019-2020 წლებში ჩვენ კვლევებს დაემატა სტიქიური ნაგავსაყრელების არამარტო მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების ხარისხის დადგენა, არამედ მათი ტერიტორიების მოსუფთავება და შემდგომ ნაგავსაყრელის ნიადაგის რემედიაცია ქართული ცეოლიტის გამოყენებით, რომელიც, ბოლოს უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიების გამწვანებით.
წელს ამ კუთხით დავიწყეთ ქვემო ქართლის რეგიონში განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელების შესწავლა. კერძოთ, ქ. მარნეულში დაფიქსირებულ იქნა საკმაოდ ბევრი სტიქიური ნაგავსაყრელი, მათ შორის ქალაქის ცენტრშიც (კოსტავას ქ., 20 იანვრის ქ., ლაღიძის ქ., რობაქიძის ქ., ჯავახიშვილის ქ., გუდიაშვილის ქ., ფიროსმანის ქ. და სხვა), რომელთა შორის ზოგიერთი მათგანი დაბინძურების მაღალი ხარისხით გამოიკვეთა.
ქ. მარნეულის მერიის ადმინისტრაციასთან (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო დეკანოსიძე და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები) მოლაპარაკების შედეგად ა. წ. 21 ივლისს დაიგეგმა აქცია ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სტიქიური ნაგავსაყრელის მოსუფთავება-რემედიაციასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება სბმკ „ორქისი“-სა და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით. მოცემული ნაგავსაყრელი შერჩეულ იქნა პირველ რიგში იმიტომ, რომ წინასწარი ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე მისი ტერიტორიიდან აღებულ ნიადაგის საანალიზო სინჯებში აღმოჩნდა ტყვიის მომატებული კონცნტრაცია, კერძოთ მისმა შემცველობამ გადააჭარბა ზღვრულად დასშვებ კონცენტრაციას 1.5-ჯერ, ხოლო თუთიის კონცენტრაცია კი გაუტოლდა სორიენტაციო დასაშვებ კონცენტრაციას და შედგინა 212.5 მგ/კგ., რაც ყურადსაღებია. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსუფთავდეს ქალაქის ცენტრში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი და შემდგომში ჩატარდეს მისი რემედიაცია ქართული ცეოლიტის გამოყენებით და შესაბამისად შევამციროთ ტერიტორიაზე არსებული დაბინძურების ხარისხი, რაც უნდა დადასტურდეს შედარებითი ანალიზის საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ ნაგავსაყრელების ნიადაგის ცეოლიტით დამუშავების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, მათი დაბინძურების ხარისხი მძიმე ლითონებით, შემცირებულ იქნა 10-იდან 40%-მდე.