წარსულში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანს თავისი გამოგონებებით შეუძლია უსასრულოდ გაზარდოს წარმოების მოცულობა, შექმნას საერთო კეთილდღეობა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ბიოსფეროზე. დღეს ყველა ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია, შესაბამისად შეზღუდულია ეკონომიკაც.
ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა, საჭიროა, როგორც ბუნების, ადამიანისა და გარემოს გადარჩენისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. უფრო და უფრო სწრაფად იშლება ეკოსისტემური სერვისები, იკარგება ბიომრავალფეროვნება, იცვლება კლიმატი.
ამ ყველაფრის შესაჩერებლად, საჭიროა საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ახალი თაობის ინფორმირება და მათი ჩართვა არსებული საფრთხეების თავიდან აცილებისაკენ მიმართულ ქმედებებში.
საქართველო, რომელიც უმდიდრესი ბიომრავალფეროვნებითა და მაღალი ენდემიზმით გამოირჩევა, მსოფლიო ბიოლმრავალფეროვნების ნაწილი და გლობალური პროცესების მონაწილეა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამაც გააცნობიეროს ყოველივე ზემოაღნიშნული და იყოს გლობალური, თუ ადგილობრივი პროცესის აქტიური მონაწილე და არა მაყურებელი.