პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – კომპონენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“
2021 წლის 23 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის ონლაინ სასტარტო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აკად. სოლომონ პავლიაშვილი, მისი აღმატებულება ბ-ნი ულრიკ თიდესტრომი – შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი – ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი – ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სბმკ „ორქისის“ თავმჯდომარე – დ-რი მარიამ ქიმერიძე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფი.
შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის მოცემული კომპონენტი მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას, რომელიც მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ასპექტებს: საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება; ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა; ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა, დარგების მიხედვით; ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრა; საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობით, პროექტის „საქათველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ განმახორციელებელი ორგანიზაციის – სბმკ „ორქისის“ ჯგუფთან თანამშრომლობით, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროცესის წარმართვაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ მიზნების შესრულებისათვის შეიქმნა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს. საკოორდინაციო საბჭო შეფასების მთელ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, რათა განისაზღვროს საქართველოსათვის რეალისტური ეროვნული მიზნები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ქვეყნის განვითარების საერთო მიზნებთან, ასევე ქვეყნის დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტებთან და სტრატეგიებთან.
სასტარტო შეხვედრა მიზნად ისახავდა სბმკ „ორქისის“ პროექტის სამუშაო ჯგუფსა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის დაწყებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების საკვანძო მიზნები და ამოცანები, ცირკულარული ეკონომიკის შეფასების კომპონენტის მიმდინარე მდგომარეობა, სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის მიერ ცირკულარული ეკონომიკის შეფასებისათვის შემოთავაზებული მეთოდოლოგიური მიდგომა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის როლები, ასევე შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი ამოცანები.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.