დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლიც მიმართულია ჩვენი პლანეტის დაცვასა და მიმდინარე უარყოფითი პროცესების შერბილებაზე. ეს დღე ყოველ წელს მსოფლიოს 190-ზემეტ ქვეყანაში აღინიშნება და ამ ღონისძიებებში სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. მრავალი გაერთიანება და ორგანიზაცია კი დედამიწის კვირეულს აღნიშნავს. ეს აქტივობები გარემოს იმ გლობალუირ პრობლემების გადაჭრას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეხება, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.
დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღნიშნეს, რასაც წინ 20 მილიონამდე ადამიანის პროტესტი უძღოდა, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამდნენ ნავთობის დაღვრის, ჰაერის და წყლის დაბინძურების გამო. ეს ადამიანები გამოეხმაურნენ ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას და წარმოუდგენელი სიმძლავრის საპორტესტო აქციები გამართეს, ეკოლოგიურ კრიზისთან დაკავშირებით. ამ სამოქალაქო აქტივობამ აიძულა მთავრობები ყურად ეღოთ ხალხის მოთხოვნები და გადაედგათ ნაბიჯები გარემოს დასაცავად. 2009 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა დედამიწის დღედ. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს იქნა მიღებული ცნობილი პარიზის შეთანხმებაც, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას ემმსახურება. ამ შეთანხმებით მსოფლიოს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება კლიმატის გლობალური ტემპერატურის 2 გრადუსზე მეტით მატების არ დაშვების თაობაზე და გაატარონ ქმედებები კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისთვის.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან აღნიშნავს. ამ დღეს გამართულ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.