ტყეების მნიშვნელობისა და მათი განსაკუთრებული როლის შესახებ, როგორც გარემოს შენარჩუნების, ასევე ეკონომიკური და სოციალური სიჯანსაღის თვალსაზრისით, არა ერთხელ აღნიშნულა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღებაც კარგა ხანია ამ პროცესებზეა მიპყრობილი. ამიტომ, 1971 წელს, ტყის მნიშვნელობისა და შენარჩუნება-აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ღონისძიებითა და დევიზით აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც 21 მარტი არა ერთი, განსაკუთრებით ტყის აღდგენის ქმედებით გამოირჩევა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველო უნიკალური და მრავალფეროვანი ტყის ეკოსისტემებით გამოირჩევა მათ დაცვას და მდგრად სარგებლობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
საქართველოს ტყის ეკოსისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. აქ ტყით დაფარულია 2.69 მლნ ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 38.7%-ს შეადგენს. ტყეების 90%-ზე მეტი მთიან რეგიონებშია და მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ეროზიის, მეწყერების, ზვავების და სხვა სტიქიური მოვლენების რისკების შემცირებაში, შესაბამისად, მაღალი დაქანების ფერდობებზე განფენილი ტყეების სამეურნეო გამოყენება შეზღუდულია. ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებულია მრავალი ენდემური და გადაშენების პირას მყოფი სახეობა. საქართველოში გავრცელებულია როგორც ფართოფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ტყეები. აქ წარმოდგენილია სუბალპური, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები.
მიუხედავად ამგვარი უნიკალურობისა და მრავალფეროვნებისა ტყის ეკოსისტემები მუდმივ ზრუნვას საჭიროებს, რადგან მათზე დიდია ზეწოლა, შემდეგი ფაქტორისა და პროცესების გამო: ტყის რესურსების უკანონო და არამდგრადი მოპოვება, ჭარბი ძოვება, კლიმატის ცვლილება, მავნებელ-დაავადებების გავრცელება, ტყის ხანძრები, უცხო ინვაზიური სახეობების გავრცელება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვება, რომელიც განიხილება როგორც ერთ-ერთი მზარდი საფრთხე ტყის ეკოსისტემებისათვის და ა.შ.
ზემოაღნიშნულის გამო, ტყე დაცვისა და აღდგენის სპეციალური ქმედებების გატარებას მოითხოვს და რაც მთავარია საზოგადოების ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას. ამის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ტყის დაცვის სერთაშორისო დღის აღნიშვნა წარმოადგენს.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციაა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.