გამწვანების აქცია ქ. კასპში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში
2022 წლის 7 ნოემბერს ქ. კასპში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ზემო რენე, სასირეთი, კოდისწყარო და ლამისყანა) საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით ჩატარდა გამწვანების აქციები 12-ზე მეტ ლოკაციაზე, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა შემდეგი ნერგები: შავი ფიჭვი – 50, ვარდის ბუჩქი – 40, წაბლი – 15, უთხოვარი 25, კიპარისი – 30, მუხა კავკასიური -15 და 80 ძირი ტუია. ზემოაღნიშნული სახეობების სულ 255 ძირი ნერგი დაირგო კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე. კერძოდ, კასპის საბავშვო ბაღების ეზოებში ასევე სოფლებში ზემო რენე, სასირეთი (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სკვერი), კოდისწყარო და ლამისყანა.
ქ. კასპში და კასპის მინიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებულ გამწვანების აქციებში, სბმკ „ორქისის“ წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ კასპის მერი ბ-ნი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ბ-ნი ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ-ნი გიორგი ჭიხინაშილი და საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქ-ნი დალი კორკომაშვილი. სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორები, პედაგოგები მოსწავლეები და სოფლების ზემო რენე, სასირეთი, კოდისწყარო და ლამისყანის მოსახლეობა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ მიერ ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად, ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.