საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართა
- Home
- 2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა
2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამ პროცესისთვის საკვანძო ყველა დაინტერესებული ჯგუფი მონაწილეობდა. აღნიშნული ღონისძიება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
ეროვნულ შეხვედრას, სბმკ „ორქისი“-ს გუნდთან და მის საერთაშორისო ექსპერტ, ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელ დოქტორ დარიუშ პრასეკთან ერთად, ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ შვედეთის ელჩის მოადგილე ბატონი ერიკ ილესი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ხატია წილოსანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ვახტანგ ქათამაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური დირექტორი ბ-ნი მაჩიე ჩურა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი ანა პლატონოვა, კახეთის მხარის რწმუნებული ბ-ნი გიორგი ალადაშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ბ-ნი გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე ქ-ნი ნინო ვიბლიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ბატონი დავით ფაჩულია, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ზალდასტანიშვილი, „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ პროექტზე მომუშავე მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები.
ეროვნული შეხვედრა გახსნა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა.
ეროვნული შეხვედრა მოეწყო ცირკულარობის შეფასების შედეგების წარმოდგენის მიზნით, რომელიც ახლახან დასრულდა. მას ეკონომიკის სხვადასხვა დარგების 13 მაღალკვალიფიციური ექსპერტისაგან შექმნილი გუნდის 24-თვიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა. ამ 2-წლიან პერიოდში მრავალი რამ გაკეთდა, მათ შორის საწყის ეტაპზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ აღრიცხული 90 ეკონომიკური საქმიანობის გაცხრილვა მოხდა, რათ ეკონომიკის ცირკულარულ მოდელზე გადასვლის თვალსაზრისით პერსპექტიული დარგები გამოვლენილიყო. ამის შედეგად შეირჩა 14 დარგი, რომელთაც ცირკულარული განვითარების შესაძლებლობა (საშუალო, მაღალი ან ძალიან მაღალი) გააჩნია. თოთხმეტივე შერჩეული დარგი შეფასდა და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება მომზადდა, რომელიც მოიცავს მასალათა ნაკადების (ნედლეული, ნაწარმი, თანაური პროდუქტები და ნარჩენები), დანაკარგებისა და ნარჩენების, გადამუშავებული ნარჩენების წილის აღწერას, ასევე ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის შეფასებას. აღნიშნულის საფუძველზე პროგრამის გუნდმა ცირკულარული ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები განსაზღვრა, დარგობრივი შესაძლებლობები გამოავლინა, დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები შეიმუშავა და საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციები მოამზადა. და ბოლოს, საქართველოსთვის ცირკულარობის შეფასების ანგარიში მომზადდა.
ცირკულარობის შეფასების აღწერილი კომპლექსური პროცესის ფარგლებში პროგრამის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებში მომუშავე 36 ექსპერტი შედის. მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს. ამას გარდა, პროგრამის გუნდმა წამყვან ბიზნესებთან ინტენსიური კონსულტაციები და ინტერვიუები ჩაატარა და უამრავი უახლესი საცნობარო თუ ლიტერატურული წყარო დაამუშავა.
აღნიშნული თანამშრომლობისა და კონსულტაციების პროცესში, ასევე ცირკულარობის შეფასების მიმდინარეობის განხილვის მიზნით, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ორი წლის განმავლობაში გამართული ოთხი პლენარული შეხვედრის შედეგად მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები სათანადოდ იქნა გათვალისწინებული ცირკულარობის შეფასების ანგარიშში, კერძოდ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარობის მიზნების დასადგენად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ცირკულარობის შეფასების, განსაკუთრებით კი სათანადო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დროს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა.
პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ გაწეული, ზემოაღწერილი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება წარმატებით დასრულდა და ცირკულარობის შეფასების ანგარიშიც მომზადდა. ამჟამად ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და იგი, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებთან ერთად, ეროვნულ შეხვედრაზე, ყველა საკვანძო დაინტერესებული მხარის წინაშე იქნა წარდგენილი. გარდა ამისა, ეს მაღალი დონის შეხვედრა გამოყენებული იყო მთელი შეფასების პროცესის კიდევ ერთხელ განსახილველად და ცირკულარობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების თაობაზე პროექტის გუნდის ხედვის წარმოსადგენად.
ეროვნულ შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი იყო ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი და ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი დრ-ი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მეორე მომხსენებელი იყო მდგრადი განვითარების საკითხების საკვანძო ადგილობრივი ექსპერტი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე დრ-ი მედგარ ჭელიძე.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავება ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სბმკ „ორქისმა“ ეს პროცესი 2020 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი აქტიური ჩართულობით დაიწყო. ამ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება უზრუნველყო, რადგანაც პროექტის ძირითადი ამოცანები ხელისუფლების საკვანძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს, რათა ქვეყნის ეკონომიკის არსებული ცირკულარობის დონის სათანადოდ შეფასება იქნას შესაძლებელი და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განისაზღვროს.
პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენის, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენის, ცირკულარული ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრის, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით.
ეროვნული შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, სბმკ „ორქისის“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით.