შეხვედრა კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის და მდგრადი საჯარო შესყიდვების თაობაზე
2022 წლის 7 ოქტომბერს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასდორი“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კახეთის მხარისათვის შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის წარდგენისა და შვედეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნარჩენების მართვის სექტორში მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკის განხილვის მიზნით. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.
შეხვედრა გახსნა სბმკ „ორქისი“-ს თავმჯდომარემ, დ-რმა მარიამ ქიმერიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბ-ნი პლატონ კალმახელიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი ნიკოლოზ ბარამია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქ-ნი ქრისტინე ვარდანაშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი; ასევე, კახეთის მხარის რვავე მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები, შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სბმკ „ორქისი“-ს გუნდი და „Gästrike återvinnare“-ს საერთაშორისო ექსპერტები ბ-ნი პერ-ოლაფ ჰალბერგი და ბ-ნი მიხაელ კაზმიერჩაკი.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: ბ-ნმა პლატონ კალმახელიძემ, ბ-ნმა ნიკოლოზ ბარამიამ, ქ-ნმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და ქ-ნმა ქრისტინე ვარდანაშვილმა. ბ-ნმა პლატონ კალმახელიძემ პროექტის დონორებს და მოწვეულ სტუმრებს თანადგომისთვის, გაწეული სამუშაოსთვის და კახეთის რეგიონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დასრულებული სამუშაო ვერსიის წარდგენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის და ასევე, მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკის განხილვა ნარჩენების მართვის სექტორში შვედეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კახეთის მხარის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის კონტექსტში.
რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმის დასრულებული სამუშაო ვერსია პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩართულმა შვედმა საერთაშორისო ექსპერტმა და სბმკ „ორქისი“-ს ნარჩენების მართვის ექსპერტმა ქ-ნმა ხათუნა ჩიკვილაძემ წარადგინეს. ამას გარდა, შვედმა ექსპერტმა ბ-ნმა მიხაელ კაზმიერჩაკმა განიხილა ნარჩენების მართვის სფეროში მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკა შვედეთის გამოცდილებზე დაყრდნობით. შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღნიშნულ სფეროში, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისას მდგრადი საჯარო შესყიდვების შვედური მოდელის გამოყენება შესაძლებელია სასარგებლო გახდეს საქართველოში კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მართვის სექტორში რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში.
ამა წლის 7 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა სბმკ „ორქისი“-ს მიერ 2019 წელს ჩატარებული კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში 8 მუნიციპალური და 1 სამხარეო, 2020 წელს 2 სამხარეო, 2021 წელს 2 ხოლო 2022 წელს 3 სამხარეო შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა კახეთის მხარისთვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის (დასრულებული სამუშაო ვერსიის) წარდგენას, რომელსაც ესწრებოდნენ ქ-ნი კარინ იამტინი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალური დირექტორი, ბ-ნი ულრიკ თიდესტრომი – შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი ერიკ ილესი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ შვედეთის ელჩის მოადგილე და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებული იქნა მონაწილეობითი მიდგომით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შევიდა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს გუბერნატორის სამსახური, საერთაშორისო და ეროვნული დონის ექსპერტების ჩართულობით.
ამჟამად მომზადებულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის დასრულებული სამუშაო ვერსია, რომელიც 5-წლიან (2023-2027წწ.) პერიოდს მოიცავს. ამ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის განხილვა მოსახლეობასთან შედგება, მოეწყობა საჯარო მოსმენა, გეგმა გადაიხედება საზოგადოების შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე. ამას გარდა, მიღებამდე მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განახლდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განახლების შესაბამისად.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თაობაზე შეხვედრა ორგანიზებული იყო სბმკ „ორქისი“-სა და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.