წყლის მონიტორინგს და ამ სისტემის გამართულად მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სუფთა წყლის არსებობის კუთხით. წყლის მონიტორინგის წარმოება რთული პროცესია. ის სპეციალისტთა დაუღალავ შრომას და კვალიფიკაციას მოითხოვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული წყლის ხარისხის შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „სუფთა წყლის ამერიკული ფონდის“ (ACWF) მიერ, 2003 წლის 18 სექტემბერს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე დაარსდა. მას მერე ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც და წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მსოფლიო წყლის რესურსების დაცვაში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.