საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტი – აჭარა
შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და ნავთობტერმინალში
2022 წლის 27 იანვარს, ქ. ბათუმში გაიმართა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში – ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, და ბათუმის ნავთობ-ტერმინალში რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში. შეხვედრებს, სბმკ „ორქისი“-ს მხრიდან ესწრებოდნენ: ბ-ნი მედგარ ჭელიძე – მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ადგილობრივი ექსპერტი (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე); ბ-ნი არჩილ მაღალაშვილი – მშენებლობის ეკონომიკური ჯაჭვის ექსპერტი და ბ-ნი კახა რუხაია – ნარჩენების მართვისა და გადამუშავების ექსპერტი, აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი მირიან ქათამაძე, , აგროსერვის ცენტრის დირექტორი ბ-ნი გოჩა ბერიძე ხოლო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიდან ციტრუსის შემგროვებელ/გადამამუშავებელი ქარხნის და ჩირის მწარმოებელი კომპანია „კერკი“-ს დირექტორები და ციტრუსის ექსპორტიორები (ბ-ნები რევაზ გოგიტიძე, როსტომ ზაქარაძე, არჩილ ხახუტაიშვილი, კახა შავაძე, არჩილ კეკელიძე და ქ-ნი ნინო დოლიძე), ნავთობტერმინალის დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ლალი ქობულაძე.
შეხვედრების მიზანი იყო აჭარის მთავრობისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ცირკულარული ეკონომიკის შესახებ და პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე ინფორმაციის მიწოდება; საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების ამოცანისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დახმარება და ასევე პილოტური პროექტების საკითხებზე ინფორმირება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობით და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სბმკ „ორქისი“-ს სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროცესის წარმართვაში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასება; ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა; ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა დარგების მიხედვით; ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრა; რეკომენდაციების შემუშავება საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის.
სბმკ „ორქისი“-ს მხრიდან ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი, რომელიც არის მდგრადი დაფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი ექსპერტების გუნდი.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.