საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტი
შეხვედრა ქ. ბათუმის მერიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში
2022 წლის 26 იანვარს ქალაქ ბათუმის მერიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრები რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში. შეხვედრებს, სბმკ „ორქისი“-ს მხრიდან ესწრებოდნენ: ბ-ნი მედგარ ჭელიძე – მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ადგილობრივი ექსპერტი (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე); ბ-ნი არჩილ მაღალაშვილი – მშენებლობის ეკონომიკური ჯაჭვის ექსპერტი და ბ-ნი კახა რუხაია – ნარჩენების მართვისა და გადამუშავების ექსპერტი ხოლო ბათუმის მერიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერი ბ-ნი არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის, გამწვანების სამსახურის და ბათუმის წყლის დირექტორები (ლევან დავითაძე, სულხან ევგენიძე, თამაზ სალუქვაძე, ალექსანდრე მჟავანაძე) ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბ-ნი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი ბ-ნი ნოდარ კონცელიძე.
შეხვედრების მიზანი იყო აჭარის სამთავრობო სტრუქურებისთვის ცირკულარული ეკონომიკის შესახებ და პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე ინფორმაციის მიწოდება; საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების ამოცანისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დახმარება და ასევე პილოტური პროექტების საკითხებზე ინფორმირება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობით და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სბმკ „ორქისი“-ს სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროცესის წარმართვაში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასება; ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა; ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა დარგების მიხედვით; ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრა; რეკომენდაციების შემუშავება საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის.
სბმკ „ორქისი“-ს მხრიდან ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი, რომელიც არის მდგრადი დაფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი ექსპერტების გუნდი.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.