შეხვედრა თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
2022 წლის 26 იანვარს თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „კახეთის მხარის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“, რომელიც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ იყო ორგანიზებული შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) წარმომადგენლები, რომლებიც შედიან კახეთის მხარის ნარჩენების მართვის რეგიონულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფებში.
შეხვედრაზე განიხილეს კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაო, ასევე შვედი და სბმკ „ორქისის“ ექსპერტების მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე არსებული ინფორმაციის განახლება და დასახეს მომავალი სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის დასრულება იგეგმება 2022 წლის მაისის ბოლოსთვის. მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა რეგიონული და მუნიციპალურ ხელისუფლებას აკისრია, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარისათვის., ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე შეხვედრა ორგანიზებულია სბმკ „ორქისი“-ს მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.