პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 12 მარტს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებ ა. გაიმართა მსჯელობა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი საქართველოში ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.