გამწვანების აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში
2023 წლის 4 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით ჩატარდა გამწვანების აქცია.
ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა შემდეგი ნერგები: ცხენის წაბლი – 2, უთხოვარი -2, ცაცხვი – 6, კიპარისი – 6 და 10 ძირი საბორდიურე ტუია. ზემოაღნიშნული სახეობების სულ 26 ძირი ნერგი დაირგო სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის ეზოში.
სოფელ ქინძათში ჩატარებულ გამწვანების აქციაში სბმკ „ორქისის“ წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ მიერ ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად, ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.