2023 წლის დევიზია: ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად
შვედეთის მთავრობის დაფინანსებით წყლის რესურსების დაცვაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), რომელიც პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები აღრიცხავენ, ასუფთავებენ და ბიორემედიაციას უტარებენ უკანონო ნაგავსაყრელებს, რომლებიც ხშირად მდინარეთა ნაპირებზე და ჭალებში მდებარეობს. ეს საქმიანობა ხელს უწყობს წყლის ეკოსისტემების დაბინძურების შემცირებას, გაჯანსაღებას და მათი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნებას.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წელს დაწესდა და მას მერე ყოველ წელს აღინიშნება, რათა საზოგადოებას შეახსენოს სუფთა წყლის გლობალური პრობლემა და მოუწოდოს აქტიური ქმედებებისკენ.
მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. ამასთან, მსოფლიოში წყლის მოხმარების დონე სულ უფრო მატულობს. ამ მატების ტემპი განსაკუთრებით სწრაფად 1980-იანი წლებიდან გაიზარდა. აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, ისეთი როგორიცაა თუნდაც ბიომრავალფეროვნების კარგვა, ეკოსისტემური მომსახურების შემცირება, კლიმატის ცვლილება და სხვა, თუმცა დიდი წილი მოსახლეობის მატებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე მოდის.
ექსპერტები არც თუ დამაიმედებელ პროგნოზს იძლევიან და მათი შეფასებით ეს დონე 2050 წლამდე 20-30%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე ცხადია მსოფლიოში მწვავედ დგას სუფთა წყლის პრობლემა. მილიონობით ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და იძულებულნი არიან ის გაუფილტარავდ (მდინარეები, ჭები) მოიხმარონ. აღნიშნული თავის მხრივ დაავადებების გავრცელებასა სხვა მრავალი პრობლემის წარმოქმნას უწყობს ხელს.
ამ პრობლემებისა და პროგნოზების ფონზე ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სუფთა წყლის შენარჩუნებისთვის ქმედებების გატარება, მათ შორის წყლის დაცვის დღის აღნიშვნა. ყოველ წელს ირჩევა წყლის რესურსების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სლოგანი, რომლის ირგვლივაც განვითარდება კონკრეტული ქმედებები და პროცესები. 2023 წლის თემაა “ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად“, თემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხთა სპექტრს აერთიანებს.
წყლის საერთაშორისო დღე უკვე წლებია საქართველოშიც აღინიშნება, სამთავრობო, არასამთავრობო, თუ კერძო სექტორების ჩართულობით. მსოფლიოში მიმდინადრე პროცესების პარალელურად საქართველოსაც შეაქვს წვლილი წყლის რესურსების დაცვასა და მართვაში. დასრულების სტადიაზეა წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონის მიღების პროცესი. იგი მომზადებულია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით და ასევე ითვალისწინებს საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვას.
წელსაც, 22 მარტს, მსოფლიო საზოგადოება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას წყლის დასაცავად გაერთიანებას. კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის გონივრულად და ეკონომიურად გამოყენება და ღირებული ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი. წლევანდელი თემა – “ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად“ კიდევ ერთხელ შეკრებს მეცნიერებს, ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებს, თუ დაინტერესებულ საზოგადოებას პრობლემებზე სამსჯელოდ და ფართოდ გასაშუქებლად, რაც ამ დღის აღნიშვნის უმთავრესი დანიშნულებაა.