პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის “ორქისი” ჯგუფის მიერ 2019 წლის დეკემბრის თვეში ჩატარდა საველე კვლევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც შერჩეულ იქნა ზოგიერთი სტიქიური ნაგავსაყრელის ტერიტორია (ახალციხე-რუსთაველის ქ., ახალციხე თამარ მეფის ქ., ადიგენი-სოფ. არალი, ასპინძა, ნინოწმინდა და სოფ. ვარდგინეთი – ბორჯომის რ-ნი), საიდანაც შესაბამისად აღებულ იქნა ნიადაგის საანალიზო ნიმუშები. აღებულ ნიადაგის ნიმუშებში განსაზღვრულ იქნა ზოგიერთი მძიმე ლითონის შემცველობები (Pb, Cu, Zn, Cd, Hg), მათი დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად.
სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში გამოიკვეთა შემდეგი სიტუაცია – ახალციხეში, რუსთაველის გამზირზე (ქალაქის ცენტრში) განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის სინჯები აღმოჩნდა დაბინძურებული ტყვიით (1.6 ზდკ). ახალციხეში თამარ მეფის ქუჩაზე და ასპინძაში განლაგებული ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიები დაბინძურებულები აღმოჩნდნენ ტყვიითა და თუთიით, ოღონდ უმნიშვნელოდ (34.8 მგ/კგ და 240.67 მგ/კგ).
ადიგენისა და სოფ. ვარდგინეთის (ბორჯომის რ-ნი) სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის ნიმუშებში არ დაფიქსირდა არცერთი ჩვენს მიერ განსაზღვრული კომპონენტის შემცველობა ნორმატივებზე მაღალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ შემთხვევაში საანალიზო სინჯებში თავის ნორმატივს არ გადააჭარბა კადმიუმის შემცველობამ. რაც შეეხება ვერცხლისწყალს მისი შემცველობა არ დაფიქსირებულა არცერთ საანალიზო სინჯში.
ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით ზოგიერთი ნაგავსაყრელის ტერიტორიის დამუშავება ქართული ცეოლითის გამოყენებით (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).
2020 წლიდან, სბმკ “ორქისი”-ს სამუშაო ჯგუფის მიერ, სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაციის პარალელურად, დაიწყო სტიქიური ნაგავსაყრელების შიდა ტერიტორიების დამუშავება ქართული სორბენტით – ცეოლითით, რომელიც შეიცავს 60-80% კლინოპტილოლითს და როგორც ლიტერატურიდან არის ცნობილი, ისინი წარმოადგენენ საკმაოდ სასარგებლო და იაფ ნედლეულს ნიადაგის გაჯანსაღების კუთხით. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ სტიქიური ნაგავსაყრელების შიდა ტერიტორიების დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით (ნიადაგის რემედიაციის პროცესი), მათი ტერიტორიები დამუშავებულ იქნა ქართული ცეოლითით, ანუ კლინოპტილოლითით.
ეს ქმედებები გულისხმობს – პირველ რიგში, ნაგავსაყრელის ტერიტორიის მოსუფთავებას (ანუ ნარჩენების გატანას ტერიტორიიდან), შემდგომ, საანალიზო ნიმუშების აღებას (ქიმიური ანალიზის პირველი ეტაპი), მოსუფთავებული ტერიტორიის შერევა-დამუშავებას ქართული სორბენტით (ცეოლითით) და გარკვეული პერიოდის (2-4 თვე) შემდგომ ხელახალი საანალიზო ნიმუშების აღებას იგივე ნაგავსაყრელების ტერიტორიებიდან (ქიმიური ანალიზის მეორე ეტაპი). შედარებითი ანალიზის შედეგების საფუძველზე კი გამოიკვეთა ნიადაგში ზოგიერთი ტოქსიკური მძიმე ლითონის (Pb, Cu, Zn, Cd, Hg) ცვლილებების (კლებადობის) დინამიკა.
პირველი რეგიონი, სადაც 2020 წლის ივლისის თვეში ჩატარდა მსგავსი კვლევა არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (ორი ახალციხისა და ერთი ასპინძის ნაგავსაყრელი). პირველი ეტაპის ქიმიური ანალიზი ჩატარდა 2020 წლის ივლისის თვეში, როდესაც შეფასდა ნაგავსაყრელის ნიადაგის დაბინძურების ხარისხი, ხოლო კვლევის მეორე ეტაპი კი განხორციელდა ამავე წლის ნოემბრის თვეში, როდესაც საანალიზო ნიმუშები აღებულ იქნა ტერიტორიის სორბენტით დამუშავების შემდგომ.
აღსანიშნავია, რომ ქართული სორბენტით დამუშავების შედეგად სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის შემცველობები ნაწილობრივ შეიცვალა. კერძოდ, შედარებითმა ანალიზმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ – 3 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში (ახალციხე, ასპინძა) სპილენძის შემცველობა შემცირდა 21 და 79%-ით, თუთიის შემცველობა კი სამივე შემთხვევაში 33, 56 და 66%-ით. მხოლოდ 1 შემთხვევაში (ასპინძის ნაგავსაყრელის ტერიტორია) შემცირდა ტყვიის კონცენტრაცია 78%-ით, დანარჩენ შემთხვევებში, ანუ ახალციხის ნაგავსაყრელებიდან აღებულ ნაგავსაყრელების საანალიზო ნიმუშებში ტყვიის შემცველობა დარჩა იგივე.
შეიძლება ითქვას, რომ მიღებული შედეგები შთამბეჭდავია (თუმცა არა ყველა შემთხვევაში) და აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ამ ტიპის კვლევები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიის სხვა რეგიონებშიც და შესაბამისად წარმოდგენილი მეთოდიკა გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამის ინსტიტუციების მიერ.
უნდა ითქვას, რომ ამ პირობებში ნაგავსაყრელის ტერიტორიის რემედიაციის პროცესის მსვლელობა დამოკიდებულია მთელ რიგ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან (მოსული ნალექების რ-ბა, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და ა.შ.) და ასევე ნიადაგის ტიპზე და მასში შეტანილი სორბენტის რაოდენობაზე.