გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება შიდა ქართლის რეგიონის სოფლების – ხეობა, ტკოცა და საციხური სკოლებში
2022 წლის 23 მაისსა და 9 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“, როგორც თავისი შეტანილი არაფულადი წვლილი, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებაში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, შიდა ქართლის რეგიონის სოფლების ხეობის, საციხურისა და ტკოცის საჯარო სკოლების თხოვნით, მოსწავლეებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე „ბიომრავალფეროვნება – მნიშვნელობა საფრთხეები, აღდგენისა და ცნობიერების ამაღლების ქმედებები“. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტები.
სბმკ „ორქისი“-ს ექსპერტების მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ეფექტური ინსტრუმენტია. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები, ასევე ნარჩენების სწორი მართვა ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად, მოსახლეობის ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიზანია, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისათვის საქართველოში, მდგრადი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მეშვეობით.