ბიორემედიაციის აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცაში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 2019-2022 წლებში ახორციელებს საველე კვლევებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიური ნაგავსაყრელების დაბინძურების ხარისხის დასადგენად, შემდეგ კი ამ ტერიტორიების დასუფთავებასა და ნაგავსაყრელის ნიადაგის რემედიაციას ქართული ცეოლითის გამოყენებით, რომელიც, ბოლოს უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიების გამწვანებით.
2022 წლის 30 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცაში განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელების მოსუფთავება-რემედიაციის აქცია ჩატარდა, რომელიც განხორციელდა სბმკ „ორქისი“-ს, სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეების, ამავე სკოლის დირექტორისა და სოფელ ტკოცის მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით. არსებულ სტიქიურ ნაგავსაყრელზე ჩატარდა რემედიაცია ქართული ცეოლითის გამოყენებით მისი დაბინძურების ხარისხის შესამცირებლად, რაც უნდა დადასტურდეს შემდგომში ამ ადგილიდან ნიადაგის სინჯის აღებით და მისი ანალიზის შედეგის შედარებით მანამდე აღებული ნიადაგის სინჯის ანალიზთან.
შეგახსენებთ, რომ ნაგავსაყრელების ნიადაგის ცეოლითით დამუშავების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, მათი დაბინძურების ხარისხი მძიმე ლითონებით მცირდება 10%-დან 40%-მდე.