საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა
- Home
- საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა
2022 წლის 12 ივლისს თბილისში სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეოთხე პლენარული შეხვედრა, რომლის ამოცანაა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი) სამუშაო ჯგუფის შეკრება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
მეოთხე პლენარული შეხვედრას სბმკ „ორქისის“-ს გუნდთან და მის საერთაშორისო ექსპერტ დოქტორ დარიუშ პრასეკთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ შვედეთის ელჩის მოადგილე ბატონი ერიკ ილესი, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მაია ბითაძე, კახეთის მხარის რწმუნებული ბ-ნი ირაკლი შიოშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ვახტანგ ქათამაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ბატონი დავით ფაჩულია, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ზალდასტანიშვილი, „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ პროექტზე მომუშავე მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები.
მეოთხე პლენარული შეხვედრა გახსნა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა მაია ბითაძემ.
2022 წლის მარტში გამართული მე-3 პლენარული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის კომპლექსური შეფასების წინასწარი შედეგები იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. შეფასების პროცესმა წინ საგრძნობლად წაიწია და საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი მომზადდა, ხოლო შეფასების პროცესი მივიდა ნიშნულამდე, სადაც საქმიანობის გასაგრძელებლად საკვანძო დაინტერესებული მხარეების უკუკავშირია საჭირო.
ამიტომაც მოწვეული იქნა მე-4 პლენარული შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა შესრულებული სამუშაოები, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის მოკლე დახასიათებას ეყრდნობა, რაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების ანალიზისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესასოციაციებთან და თავად ბიზნესებთან ინტენსიურ კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.
მეოთხე პლენარულ შეხვედრაზე ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის ხედვაზე, მიზანსა და პერსპექტივებზე, ხოლო მათი მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების ანგარიშის დასასრულებლად იქნება გამოყენებული.
ზემოაღნიშნულთან ერთად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო „ცირკულარობის ხარვეზების თაობაზე შვედეთის 2022 წლის ანგარიშის“ ძირითადი ასპექტები, როგორც ცირკულარობის მიმართულებით საქართველოზე წინ წასული ქვეყნის გამოცდილება.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავება ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სბმკ „ორქისმა“ ეს პროცესი 2020 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი აქტიური ჩართულობით დაიწყო. ამ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება უზრუნველყო, რადგანაც პროექტის ძირითადი ამოცანები ხელისუფლების საკვანძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს, რათა ქვეყნის ეკონომიკის არსებული ცირკულარობის დონის სათანადოდ შეფასება იქნას შესაძლებელი და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განისაზღვროს.
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროექტს უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფი. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან, რათა მასში ცოდნის ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი და საკვანძო უწყებები ადრეულ ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში, ცირკულარობის შეფასების პროცესში დასაწყისშივე აქტიურად ჩაერთო.
ცირკულარობის დონის შეფასება კომპლექსური პროცესია. მის განსახორციელებლად პროგრამის გუნდმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონე სამ ეტაპად შეაფასა. ეს მოიცავდა ეკონომიკის დარგების გამოცხირლვას, შერჩეული დარგების შეფასებას ცირკულარობის კუთხით და თითოეული დარგის ცირკულარობის პოტენციალის გადაფასებას, ასევე დარგების პრიორიტეტებად დალაგებას და კლასტერებად დაჯუფებას. ამ პროცესის საფუძველზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის მოკლე აღწერა ცირკულარობის კუთხით და რეკომენდაციები ცირკულარობის დონის გაზრდის თაობაზე. დღეისათვის ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი. მასში გათვალისწინებული იქნება საკვანძო დაინტერესებული მხარეების მიერ მეოთხე პლენარულ შეხვედრაზე წარმოდგენილი ძირითადი შედეგებისა და ცირკულარობის თაობაზე რეკომენდაციების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები, ასევე ცირკულარობის კონტექსტში საქართველოს ხედვაზე, მიზანზე და პერსპექტივებზე სამსჯელოდ ამავე შეხვედრაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები.
პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენის, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენის, ცირკულარული ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრის, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით.
მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისის“ ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით.