ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, რაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების საჭიროება და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა, გარემოს დასაცავად – ადამიანისვე საკეთილდღეოდ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საფუძველი 1972 წელს, სტოკჰოლმში, ადამიანის საარსებო გარემოსადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩაეყარა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, კონფერენციის პირველსავე დღეს, ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების ინტეგრაციის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 1974 წელს კი ეს დღე პირველად აღინიშნა გლობალურად და მისი ძირითადი გზავნილი იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. ეს იყო ეკოლოგიური პრობლემებისა, თუ მდგრადი სარგებლობისადმი მიძღვნილი ცნობიერების ამაღლების მძლავრი კამპანია და შემდგომში იგი საზოგადოების ყველა ფენის ცნობიერების ამაღლების გლობალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. აქედან მოყოლებული მსოფლიო 5 ივნისს ყოველწლიურად ზეიმობს და ირჩევს წლის ცენტრალურ თემას, ხოლო 1987 წლიდან დაიწყო ამ ღონისძიების გამართვის როტაცია, ე.წ. მიმღები ქვეყნების არჩევის გზით. 2022 წელს ეს ქვეყანა შვედეთია, მთავარი სლოგანი – „მხოლოდ ერთი დედამიწა“ რომელიც ფოკუსირებულია მდგრად ცხოვრების წესსა და ბუნებასთან ჰარმონიაზე.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაეროს მიერ ეს ღონისძიება აღიარებულია გარემოს დასაცავად საჭირო ქმედებების და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ ძირითად საშუალებად.
ბუნებრივია საქართველო, აქ მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ჩართულია ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის კამპანიაში, აცნობიერებენ რა გარემოს დაცვის და ამისათვის საჭირო ქმედებების განხორცილების პოპულარიზების და ცნობიერების ამაღლების უაღრესად დიდ მნიშვნელობას.