ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეშვიდე კონფერენცია მცირე და საშუალო საწარმოების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
2022 წლის 10 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალას“-ში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-სა (სბმკ „ორქისი“) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეშვიდე კონფერენცია თემაზე „მცირე და საშუალო საწარმოების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში“, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიება ორგანიზებული იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, კერძოდ კი ბანკის ბაქოსა და თბილისისა რეგიონულმა ოფისებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელთა დახმარებითაც მასში აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა გახდა შესაძლებელი.
2019-2022 წლებში ჩატარებული ექვსი წარმატებული კონფერენციის შემდეგ, რომელთა სამიზნე ჯგუფები პოლიტიკის შემქმნელები, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესის, ფინანსური სფეროს, საქართველოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მეშვიდე კონფერენცია განკუთვნილი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) წარმომადგენლებისათვის, რადგანაც ისინი მოიზარებიან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის ერთ-ერთ საკვანძო მხარედ, რომელმაც ცირკულარული ბიზნესმოდელები და პროექტები უნდა შეიმუშაოს და განავითაროს.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის მსბ-ისთვის რეკომენდაციების მიწოდება, მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო განვითარების გეგმებში ცირკულარობის პრინციპების გათვალისწინება როგორ შეუძლიათ. მას საქართველოსა და აზერბაიჯანის მსბ-ის, ბიზნესასოციაციების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს), კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ, შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ოფისერმა ქალბატონმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ, დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო დოქტორი დარიუშ ედვარდ პრასეკი – მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარი ასპექტები, მათ შორის როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში მსბ-ს რა კონკრეტული როლი გააჩნია.
ცირკულარული ეკონომიკისა და მისი ბიზნესმოდელების, ცირკულარული ეკონომიკის სარგებლის, მამოძრავებელი მექანიზმებისა და გამოწვევების განხილვასთან ერთად, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესის, განსაკუთრებით კი მსბ-ს როლს გარდაქმნის პროცესში, ბიზნესშესაძლებლობებსა და ცირკულარული ეკონომიკური ჩარჩოს დანერგვის საკვანძო ეტაპებს; წარმოდგენილი იყო ცირკულარული ეკონომიკის სხვადასხვა დარგობრივი მაგალითები, მსბ-ების ცირკულარული ეკონომიკური საქმიანობის მაგალითები. ამას გარდა, შეხვედრაზე განხილული იქნა ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ევროკავშირის პოლიტიკის ჩარჩო, მათ შორის ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მოწინავე გამოცდილებას წარმოადგენს.
მთავარი მომხსენებლის, დოქტორ დარიუშ პრასეკის პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო, რომ ცირკულარული ეკონომიკა მსბ-ებისთვის უაღრესად შესაფერისი კონცეფციაა, რადგანაც, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების დეფიციტის ზრდის გამო, რესურსების ეფექტიანი მოხმარება აუცილებელია. მეორე მხრივ კი, მსბ-ებს, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ცირკულარობის შესაძლებლობის გამოვლენა და დანერგვა დიდ ბიზნესებზე სწრაფად შეუძლიათ.
კონფერენციის თემატიკამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მათთვის აქტუალურ საკითხებზე აქტიური დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას უწყობს ხელს.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეშვიდე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.