დარგვის აქცია, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეობის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე
2022 წლის 5 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეობის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით ჩატარდა გამწვანების აქცია პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ამ ღონისძიებისათვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“- დან შეისყიდა 10 ძირი კავკასიური ფიჭვი, 15 ძირი საბორდიურე ტუია და 5 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი. სულ, სოფელ ხეობის საჯარო სკოლის ეზოში, ადგილობრივი სახეობის 30 ძირი ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში სბმკ „ორქისი“-ს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი თინათინ კულუმბეგაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი ბ-ნი გელა ჭყოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები ბ-ნები გიორგი თურმანიშვილი და ალექსანდრე მასურაშვილი და ხეობის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.