ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება – მცირე და საშუალო საწარმოების როლი
2022 წლის 10 მაისს თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-7 კონფერენცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარობაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ექვსი კონფერენციის შემდეგ, რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, 2019-2022 წლებში საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და პარლამენტის, ბიზნესისა და საფინანსო სფეროების, უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის მოეწყო, ცირკულარული ეკონომიკის მეშვიდე კონფერენცია განკუთვნილია საქართველოსა აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლებიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთ საკვანძო ხელშემწყობ მხარეს წარმოადგნენ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იქნება დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარ ასპექტებს, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში მცირე და საშუალო საწარმოებს რა კონკრეტული როლი აკისრიათ.
აღნიშნული სატრენინგო პროგრამა მომზადდა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი ამოცანაა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ცნობიერების ამაღლება ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე. იგი ითვალისწინებს საკვანძო დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის სამთავრობო უწყებებისათვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბიზნესსექტორისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და აკადემიური სფეროსათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა, სტიმულირების საჭიროების მქონე ძირითადი სფეროების გამოვლენა, სხვადასხვა დარგის ექსპერტების მომზადება.
• ცირკულარული ეკონომიკა წარმოებისა და მოხმარების მოდელია, რომელიც არსებული მასალებისა და საქონლის საზიარო სარგებლობას, იჯარას, მრავალჯერად გამოყენებას, შეკეთებას, სრულად განახლებას და გადამუშავებას ითვალისწინებს. ამ გზით საქონლის სასიცოცხლო ციკლი ხანგრძლივდება და ნარჩენები მინიმუმამდე მცირდება.
• ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელიც ბიზნესისთვის, საზოგადოებისათვის და გარემოსთვის სარგებლის მოტანას მოიაზრებს. ცირკულარული განვითარება სოციალური და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი წარმოება-მოხმარების მოდელია, რომელიც მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. იგი ახალი ეკონომიკური მოდელია, რომელიც ეფექტიანი მწვანე განვითარებისაკენ მიმავალი მდგრადი გზაა. იგი ბიზნესს, კერძოდ კი მცირე და საშუალო საწარმოებს (მსს) რესურსეფექტიანობის გაზრდის სტიმულს აძლევს. ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და მიდგომების დანერგვით მეწარმეებს სხვადასხვა ბიზნესსარგებლის მიღება შეუძლიათ. ეს სარგებელი დამოკიდებულია განხორციელებულ სტრატეგიაზე, ბიზნესპროცესების ცირკულარობის ხარისხზე, კომპანიის სამუშაო გარემოზე და ღირებულების ჯაჭვში კომპანიის როლზე.
• სხვა სისტემური ცვლილებების მსგავსად, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს, რისთვისაც დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. ცირკულარული ეკონომიკა უაღრესად შესაფერისი კონცეფციაა მსს-ებისთვის, რომელთაც ცირკულარული ბიზნესის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. მათი ამოცანაა ისეთი ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და პროექტების განსაზღვრა, კონცეპტუალური დამუშავება და განვითარება, რომლებიც დასაბუთებულია და ინვესტიციებისათვის მიმზიდველია, ამასთან შესაბამისობაშია განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიასთან.
• მსს-ებს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შესაძლებლობის გამოვლენა და ცირკულარული იდეების ატაცება დიდ ბიზნესებზე სწრაფად შეუძლიათ. ეს საწარმოები მსხვილი ბიზნესის მიწოდების ჯაჭვის ბირთვს წარმოადგენს და მათ შეუძლიათ ცირკულარობის პრინციპები სწრაფად დანერგონ, რათა ცირკულარული ბიზნესმოდელები საუკეთესო ვარიანტად იქცეს კომპანიებისათვის, რომლებიც მზად არიან კონკურენტული უპირატესობა იმგვარად მოიპოვონ და თავიანთი ბაზარი ისე შეინარჩუნონ, რომ მათი მიზნები საზოგადოებრივ მიზნებთან თანხვედრაში იყოს.
კონფერენცია ორგანიზებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით ახორციელებს.