საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მესამე პლენარული შეხვედრა
- Home
- საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მესამე პლენარული შეხვედრა
2022 წლის 4 მარტს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მესამე პლენარული შეხვედრა, რომლის ამოცანაა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი) ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების სამუშაო ჯგუფის შეკრება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარე აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
მესამე პლენარული შეხვედრის მიზანია 2021 წლის 12 ნოემბერს გამართული მეორე პლენარული შეხვედრის შემდგომ საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისათვის განხორციელებული სამუშაოების განხილვა, ასევე ამ კომპლექსური შეფასების წინასწარი შედეგებისა და ქვეყანაში ცირკულარობის განვითარების პერსპექტივების წარმოდგენა. შედეგები ეყრდნობა საქართველოს სხვადასხვა უწყებების მონაცემთა ბაზებში არსებულ სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, ასევე მე-2 პლენარული შეხვედრის შემდგომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ ინტენსიურ კონსულტაციებს, რისი მიზანიც იყო: (i) საქართველოს ერთიან ეკონომიკურ სტრუქტურაში მოქცეული სხვადასხვა ეკონომიკური დარგების მნიშვნელოვნებისა და მათი განვითარების პერსპექტივის სათანადოდ შეფასება; (ii) ნარჩენების ნაკადებისა და მართვის სისტემების სიღრმისეულად გაანალიზება; (iii) ბუნებრივი, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული რესურსების მართვის ეფექტიანობის შეფასება; (iv) ცირკულარობის არსებული დონის შეფასება მრავალგანზომილებიანი ანალიზისა და სხვადასხვა რაოდენობრივი ან ნახევრად რაოდენობრივი ინდიკატორების მეშვეობით; (v) საქართველოში ცირკულარობის განვითარებისათვის პერსპექტიული მიმართულებებისა და სქემების განსაზღვრა. მესამე პლენარული შეხვედრის კიდევ ერთი ამოცანაა „ცირკულარობის ხარვეზების თაობაზე 2022 წლის ანგარიში“-ს განხილვა, რათა საკოორდინაციო საბჭო და სამუშაო ჯგუფი უკეთ გაეცნონ, რა კავშირია ცირკულარულ ეკონომიკასა და კლიმატურ ცვლილებებს შორის, ცირკულარობის კუთხით რა გლობალური ტენდენციები არსებობს, ცალკეულ დარგებში ცირკულარობის კუთხით რა ხარვეზები არსებობს და გამოწვევების საპასუხოდ რა სტრატეგიების გამოყენებაა შესაძლებელი.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავება ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სბმკ „ორქისმა“ ეს პროცესი 2020 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი აქტიური ჩართულობით დაიწყო. ამ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება უზრუნველყო, რადგანაც პროექტის ძირითადი ამოცანები ხელისუფლების საკვანძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს, რათა ქვეყნის ეკონომიკის არსებული ცირკულარობის დონის სათანადოდ შეფასება იქნას შესაძლებელი და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განისაზღვროს.
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროექტს უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფს აქტიურად ეხმარება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან, რაც ცოდნის ფართო სპექტრსა და საკვანძო უწყებების ადრეულ ეტაპზე ჩართულობას უზრუნველყოფს.
პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენის, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენის, ცირკულარული ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრის, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით.
• ცირკულარ ეკონომიკაში საქონელი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მისი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ხმარებიდან ამოღების შემდეგ გათვალისწინებულია მათ დასამზადებლად მოხმარებული მასალების მეორადი გამოყენება. მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების ახალ ციკლი გაიაროს.
• ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს. აღნიშნული მოითხოვს მთელი სისტემის მხარდაჭერას, დაწყებული ტექნოლოგიებითა თუ ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ღირებულებათა ჯაჭვის რგოლებსა თუ სხვადასხვა ჯაჭვებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საბაზრო სტრუქტურით, ასევე მმართველობის ფორმითა და რეგულაციებით, რომლებიც კომპანიებს წაახალისებს ცირკულარული მიდგომები სოციალურ ნორმად აქციონ, რის შედეგადაც საზოგადობა ცირკულარულ წარმოება-მოხმარებას მიანიჭებს უპირატესობას.
• საქართველო ახლახან ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რომელთა მიზანია მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება. ეს მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებსა და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება.
მესამე პლენარული შეხვედრა დაგეგმილია პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისის“ ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.