განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
2022 წლის 1 მარტს თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-6 კონფერენცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარობაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ხუთი კონფერენციის შემდეგ, რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და პარლამენტის, ბიზნესისა და საფინანსო სფეროების წარმომადგენლებისათვის მოეწყო, ცირკულარული ეკონომიკის მე-6 კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთ საკვანძო ხელშემწყობ მხარეს წარმოადგნენ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იქნება დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარ ასპექტებს, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში უნივერსიტეტებს რა კონკრეტული როლი გააჩნიათ.
ეს სატრენინგო პროგრამა მომზადდა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი ამოცანაა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ცნობიერების ამაღლება ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე. იგი ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას, როგორ დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა, სტიმულირების საჭიროების მქონე ძირითადი სფეროების გამოვლენა, სხვადასხვა დარგის ექსპერტების მომზადება.
• ცირკულარული ეკონომიკა წარმოებისა და მოხმარების მოდელია, რომელიც არსებული მასალებისა და საქონლის საზიარო სარგებლობას, იჯარას, მრავალჯერად გამოყენებას, შეკეთებას, სრულად განახლებას და გადამუშავებას ითვალისწინებს. ამ გზით საქონლის სასიცოცხლო ციკლი ხანგრძლივდება და ნარჩენები მინიმუმამდე მცირდება.
• ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელიც ბიზნესისთვის, საზოგადოებისათვის და გარემოსთვის სარგებლის მოტანას მოიაზრებს. ცირკულარული განვითარება სოციალური და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი წარმოება-მოხმარების მოდელია და იგი მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
• ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია ყურადღებას იპყრობს მომხმარებლობის დონისა და რესურსების მოხმარების ზრდის გამო, რაც მოსახლეობის სწრაფი მატებითა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებითაა გამოწვეული. იგი ახალი ეკონომიკური მოდელია, რომელიც ეფექტიანი მწვანე განვითარებისაკენ მიმავალი მდგრადი გზაა.
• სხვა სისტემური ცვლილებების მსგავსად, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს და ამისათვის დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცირკულარული ბიზნესების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, რადგანაც მათ სხვადასხვა დარგის ექსპერტები უნდა მოამზადონ, რომლებიც დასაბუთებული, ინვესტირებისათვის მიმზიდველი, განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიაზე მორგებული ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და პროექტების სწორად განსაზღვრისათვის, კონცეპტუალური დამუშავებისათვის და განვითარებისათვის არიან საჭირო. ამ ექსპერტებს პროექტების ეკონომიკური მომგებიანობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თაობაზე რჩევები მოცემა და აღნიშნული მაჩვენებლების გაუმჯობესება შეეძლებათ; ამას გარდა, მათ შეეძლებათ მიწოდების ჯაჭვში ურთიერთთანამშრომლობის სქემები თვალნათლად წარმოაჩინონ, რათა ცირკულარობის პრინციპების გამოყენება სრულად მოხდეს და ცირკულარული ბიზნესმოდელები საუკეთესო ვარიანტად იქცეს კომპანიებისათვის, რომლებიც მზად არიან კონკურენტული უპირატესობა იმგვარად მოიპოვონ და თავიანთი ბაზარი ისე შეინარჩუნონ, რომ მათი მიზნები საზოგადოებრივ მიზნებთან იყოს თანხვედრაში.
• ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ რჩეულთა პასუხისმგებლობას არ განეკუთვნება. მდგრადი მომავლის შექმნაში მონაწილეობის უფლება ყველა ჩვენგანს გააჩნია. ცირკულარული ეკონომიკის შესახებ განათლების მიზანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხების მცოდნე სპეციალური ექსპერტების მომზადება არ არის. მომავალში ყველა ჩვენთაგანს დაგვჭირდება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა და ჩვენს პროფესიულ სფეროში ცირკულარული გადაწყვეტილებების დანერგვა.
კონფერენცია ორგანიზებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.