2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წლის 2 თებერვალს აღინიშნა. მას შემდეგ მსოფლიო საზოგადოება წლის ამ დღეს ჭაობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭირბოროტო თემატიკის ირგვლივ ერთიანდება. 2022 წლის კამპანია არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების გაქრობისაგან დაცვისა და ჩვენს მიერ დეგრადირებული ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებისაკენ, კერძოდ კი ამ მიმართულებით ფინანსური, ადამიანური და პოლიტიკური კაპიტალის ინვესტირებისაკენ მოგვიწოდებს.
ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად აქვს გაცნობიერებული მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ადამიანები მათ უსარგებლოდ, ხშირად საზიანოდაც მიიჩნევდნენ და ბევრგან მათი დაშრობაც კი ხდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში კაცობრიობამ ასეთი ეკოსისტემების როლი და მნიშვნელობა გააცნობიერა და, არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით, 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“ კონვენციას. იგი რამსარის კონვენციის სახელითაა ცნობილი და მსოფლიოში წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებასა და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას ემსახურება.
საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წლის 30 აპრილის შეუერთდა და ცენტრალური კოლხეთის ტორფნარები, კერძოდ კი ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კოლხეთის ეროვნული პარკი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნუსხაში შეიტანა.
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირს „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სბმკ „ორქისი“ აღრიცხავს, ასუფთავებს და ბიორემედიაციას უტარებს უკანონო ნაგავსაყრელებს, რომლებიც ხშირად მდინარეთა ნაპირებზე და ჭალებში მდებარეობს. ეს საქმიანობა ხელს უწყობს ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დაბინძურების შემცირებას, გაჯანსაღებას და მათი ეკოსისტემური სერვისების, როგორიცაა მაგ., წყლის გაწმენდის ფუნქცია, შენარჩუნებას. ეს ქმედებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „კოვიდ“ პანდემიის პირობებში, რადგანაც ჯანსაღი წყლის ეკოსისტემების არსებობა პანდემიის დასამარცხებლად მნივშენლოვანია.