ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეხუთე კონფერენცია
პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
2021 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეხუთე კონფერენცია თემაზე – პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები; კერძოდ საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები; საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ხელმძღვანელები), შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ბ-ნმა ლევან დავითაშვილმა; შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში-მისმა აღმატებულებამ ულრიკ თიდესტრომმა; ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა მიხეილ დუნდუამ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა მზია გიორგობიანმა; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნმა დავით სონღულაშვილმა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-ნმა მაია ბითაძემ, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა – აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარი ასპექტები, კერძოდ, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში პოლიტიკის შემქმნელებს რა კონკრეტული როლი გააჩნიათ.
მეორე მომხსენებელი იყო ბ-ნი თიმო მაკელა, რომელსაც გარემოს დაცვის, ფინანსებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა პერიოდებში იგი ფინეთის მთავრობაში, EBRD-ში, ევროკომისიაში და ფინეთის ინოვაციების ფონდში „სიტრა“ მუშაობდა. ამას გარდა, იგი 4 წლის განმავლობაში ფინეთში ევროკავშირის ელჩი გახლდათ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“, ასევე ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რადგანაც პოლიტიკის შემქმნელები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი საკვანძო ხელშემწყობი მხარეა და ამასთანავე, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მიზანმიმართულად დასაჩქარებლად არსებული პოლიტიკის ჩარჩოები საკმარისი არაა.
ცირკულარული ღონისძიებების დანერგვის დაჩქარების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფებს საფინანსო და არასაფინანსო პოლიტიკის შემქმნელებისათვის, პროექტების განმახორციელებლებისათვის და სამთავრობო უწყებებისათვის შემუშავებული აქვთ საკვანძო რეკომენდაციები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი საკითხია სამთავრობო უწყებების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება, რადგანაც სამთავრობო უწყებებს ცირკულარული ეკონომიკური მოდელების სტიმულირება და ხელშეწყობა ყველა დონეზე შეუძლიათ, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების, სუბსიდიების, გადასახადებისა და დაფინანსების მეშვეობით.
ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გარდა, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას დააჩქარებს და ეხება ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესებას, წინაღობების მოხსნას და ძირითადი სფეროების გამოვლენას, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს. ამას გარდა, შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ საკვანძო ასპექტები, ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით.
2019-2021 წლებში ჩატარებული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წარმატებული კონფერენციების შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფები პოლიტიკის შემქმნელები, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესის სფეროს და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მეხუთე კონფერენცია გამიზნული იყო საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, რომლებიც გარდაქმნის პროცესის საკვანძო ხელშემწყობი მხარეები არიან.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნეს და ფინანსურმა სექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხრიდან დაისახა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეხუთე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.