საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეორე პლენარული შეხვედრა
2021 წლის 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების პროექტის მეორე პლენარული შეხვედრა, რომლის ამოცანაა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი) ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების სამუშაო ჯგუფის ერთად შეკრება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
მეორე პლენარული შეხვედრის მიზანია 2021 წლის 1 ივლისს გამართული პირველი პლენარული შეხვედრის შემდგომ განხორციელებული სამუშაოების განხილვა და წინასწარი კვლევის შედეგების წარმოდგენა. კერძოდ, შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: (i) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაში მაკროეკონომიკური და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით; (ii) დარგებისა და რეგიონების მიხედვით წარმოქმნილი ნარჩენების შეფასების მეთოდოლოგია, ნარჩენების წინასწარი შეფასების შედეგები (წინასწარი შედეგები) და რეციკლირების არსებული დონე; (iii) ცირკულარობის პოტენციალი (წინასწარი შეფასება) ძირითადად ნარჩენების რეციკლირების შესაძლებლობაზე დაყრდნობით; (iv) მიმდინარე შეფასების პროცესის დასრულების გეგმა; ახალი, დამატებითი კვლევების გეგმა; (v) პერსპექტიული მიდგომების შერჩევისა და ცირკულარობის შეფასების ამოცანის დასრულების მიზნით სამუშაო პროცესში შესატანი ცვლილებები.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავება ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სბმკ „ორქისმა“ ეს პროცესი 2020 წელში დაიწყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი აქტიური ჩართულობით. ამ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება უზრუნველყო, რადგანაც პროექტის ძირითადი ამოცანები ხელისუფლების საკვანძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს, რათა ქვეყნის ეკონომიკის არსებული ცირკულარობის დონის სათანადოდ შეფასება იქნას შესაძლებელი და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განისაზღვროს.
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი. მას ეხმარება საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში ღრმად ჩახედული ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფს აქტიურად ეხმარება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან, რაც ცოდნის ფართო სპექტრსა და საკვანძო უწყებების ადრეულ ეტაპზე ჩართულობას უზრუნველყოფს.
პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენის, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენის, ცირკულარული ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრის, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით.
• ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ხმარებიდან ამოღების შემდეგ გათვალისწინებულია მათ დასამზადებლად მოხმარებული მასალების მეორადი გამოყენება. მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების ახალ ციკლი გაიაროს.
• აღნიშნული საჭიროებს მთელი სისტემის მხარდაჭერას, დაწყებული ტექნოლოგიებითა თუ ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ღირებულებათა ჯაჭვის რგოლებსა თუ სხვადასხვა ჯაჭვებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საბაზრო სტრუქტურით, ასევე მმართველობის ფორმითა და რეგულაციებით, რომლებიც კომპანიებს წაახალისებს ცირკულარული მიდგომები სოციალურ ნორმად აქციონ, რის შედეგადაც საზოგადობა ცირკულარულ წარმოება-მოხმარებას მიანიჭებს უპირატესობას.
• ახლახან საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა და მისი ძირითადი ამოცანაა ‘სასიცოცხლო ციკლის დასრულების’ კონცეფცია ისეთი ეკონომიკური სისტემით ჩაანაცვლოს, რომელშიც მასალების ციკლები ჩაკეტილია.
• მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რომელთა მიზანია მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება, რომელიც მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებს, ასევე სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზეა.
მეორე პლენარული შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისის“ ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვით საინფორმაციო და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.