2021 წლის 22 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისსა“ (რომელსაც წარმოადგენს თავმჯდომარე ქ-ნი მარიამ ქიმერიძე) და ქ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიას (რომელსაც წარმოადგენდა კასპის მერი ბ-ნი ვახტანგ მაისურაძე) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მხარეებმა გამოხატეს სურვილი გააძლიერონ მათ შორის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგული პარტნიორობა და კიდევ უფრო განავითარონ გარემოს დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სბმკ „ორქისის“ ექსპერტები ქ-ნი ნონა ხელაია და ბ-ნი დავით ჭელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქ-ნი დალი კორკომაშვილი. ზემოაღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამავე დღეს-22 ოქტომბერს (ხის დარგვის საერთაშორისო დღეს) ქ. კასპში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა გამწვანების აქციები. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა კავკასიური ფიჭვის 105, ქართული კაკლის 15, ქართული ნუშის 15 და ჰიმალაის კედრის 5 ძირი ნერგი.
ზემოაღნიშნული სახეობის 140 ძირი ნერგი დაირგო კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე: კერძოდ, ქ. კასპის მერიის, N4 და N1 საბავშვო ბაღებისა და მუსიკალური სკოლის ეზოებში ასევე რუსთაველის და სააკაძის ქუჩების სკვერებში. სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღისა და ბიბლიოთეკის ეზოებში. სოფლების თელიანის, დოესის და ლამისყანის სკვერებში, სოფელ კავთისხევში გიორგი შატბერაშვილის სახელობის სკვერში. სოფელ წინარეხის ადმინისტრაციისა და სკოლის ეზოებში.
კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ გამწვანების აქციებში, სბმკ „ორქისის“ წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ კასპის მერი ბ-ნი ვახტანგ მაისურაძე, საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქ-ნი დალი კორკომაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორები, პედაგოგები მოსწავლეები და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
გამწვანების აქციები ჩატარდა პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესებისა და შეზღუდვების სრული გათვალისწინებით, რომლის დროსაც დაცული იყო სოციალური დისტანცია და კანონით გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი ღონისძიებები.
ზოგადად, პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
პროექტს-„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.