საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა
2021 წლის 1 ივლისს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, გაიმართა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველი პლენარული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ასპექტებისა და გამოწვევების, ასევე ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებისათვის შერჩეული მეთოდოლოგიური მიდგომის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების- საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს, შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ბატონმა ლევან დავითაშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე-ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა, და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
პლენარულ შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი იყო დოქტორი დარიუშ ედვარდ პრასეკი-ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე დაჩქარებული გადასვლის მთავარი ასპექტები და ცირკულარული ეკონომიკის შეფასებისთვის და ცირკულარობაზე გადასვლის გზამკვლევის შემუშავებისათვის შერჩეული მეთოდოლოგიური მიდგომა. შეხვედრაზე აკად. სოლომონ პავლიაშვილმა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და დ-რმა მედგარ ჭელიძემ – მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ადგილობრივმა ექსპერტმა (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, სბმკ „ორქისი“) განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების კომპონენტის მიმდინარე მდგომარეობა, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის როლები, შემდგომი ნაბიჯები და მოცემული ეტაპის ძირითადი ამოცანები.
მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ დაიწყო ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება, რომელთა მიზანია ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენება მრავალი მიმართულებით, რომლებიც მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებს, ასევე სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება.
პლენარული შეხვედრა ორგანიზებული იყო სბმკ „ორქისი“-ს მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „ცირკულარული ეკონომიკის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების, სამინისტროების და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.