17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ეს დღე გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. საქართველოში კი 1999 წლიდან – გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციასთან მიერთების შემდეგ აღინიშნება. დღეისათვის გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და საფრთხეს მრავალ ადამიანს უქმნის. სულ უფრო მზარდია ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეული ზარალი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გაუდაბნოება ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, მრავალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის წინაპირობაა, განსაკუთრებით, მცირე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის.
ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჯერ კიდევ 1992 წელს ჩაეყარა. მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 1992 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და განვითარების შესახებ – “დედამიწის სამიტი’’, მიიღეს რამდენიმე საკვანძო დოკუმენტი. მათ შორის იყო გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ე.წ. “რიოს სამი კონვენცია – “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია” (UNCBD), “კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია’’ (UNFCCC) და “გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია’’ (UN¬CCD). საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ითვალისწინებს ეს კონვენციები და არსებული პრობლემები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. აღნიშნული კონვენციები რატიფიცირებულია მრავალი ქვეყნის მიერ. ისინი ავალდებულებენ მხარე ქვეყნებს სხვადასხვა ქმედებების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად გაითვალისწინონ ეკოლოგიური ფაქტორები მომავალი მდგრადი განვითარების მიზნით. ხსენებულ კონფერენციაზე პირველად გამახვილდა ყურადღება გაუდაბნოების პრობლემაზე და აღინიშნა, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლა კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შედეგად, 1994 წლის 17 ივნისს პარიზში, მიიღეს გაერო-ს „კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ’’. სწორედ აღნიშნულს უკავშირდება 17 ივნისის, როგორც გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა. გაუდაბნოება მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვისაც, როგორც მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისათვის. შესაბამისად, ჩვენც ვიზიარებთ ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას და გაუდაბნოების პრობლემების გადაჭრის კომპლექსურობის საჭიროებას – მიწის დეგრადაციის და მიწის მდგრადი მართვის კონტექსტში. მოსახლეობის, მათი შემოსავლებისა და ურბანიზაციის დონის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მიწაზე, რათა დაკმაყოფილდეს სურსათის, ცხოველთა საკვების და ტანსაცმლისათვის საჭირო ბოჭკოს/ნედლეულის საჭიროება. ამავდროულად უარესდება მიწების პროდუქტიულობა, კლიმატის ცვლილების შედეგად.
ეს დღე წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, მორიგ შეხსენებას და გზავნილს საზოგადოების ყველა ფენისთვის, რომ მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა და პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ყველა რგოლის და ყველა დონეზე აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით.