ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია
2020 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია თემაზე – ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ევროკავშირის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე-ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს შვედეთის საელჩოს/შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამების ხელმძღვანელმა – ქ-ნმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ – ქ-ნმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი. დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. დ-რმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის დებულებების დანერგვასაც ითვალისწინებდა. დ-რ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომლებიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით საკითხებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისათვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ დააჩქარონ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს.
გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული პირველი და მეორე წარმატებული კონფერენციების შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფები პოლიტიკის შემქმნელები და რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მესამე კონფერენცია გამიზნული იყო ბიზნეს საზოგადოებისათვის, რომელიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ხელშემწყობი მხარეა. ნაკლები ენერგიისა და ნედლეულის გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული ბიზნეს მოდელების წყალობით შექმნილი კომერციული შესაძლებლობების გამო, ცირკულარული ეკონომიკით მთელი მსოფლიოს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ამ კონტექსტში, ბიზნეს ინიციატივისა და პარტნიორობის მრავალი მაგალითი არსებობს, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებით, სტიმულის მომცემნი არიან. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში ბიზნესის როლი უდავოა.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ, რომელიც ეხებოდა ბიზნესის როლს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნეს სექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაისახა პროექტთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.