დ-რი დარიუშ პრასეკი იქნება მთავარი მომხსენებელი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ ორგანიზებულ ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენციაზე – ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში, რომელიც გაიმართება 2020 წლის 7 სექტემბერს.
დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. დ-რმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის დებულებების დანერგვასაც ითვალისწინებდა. დ-რ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომლებიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით საკითხებს.
გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული პირველი და მეორე კონფერენციის შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფი პოლიტიკის შემქმნელები და რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მესამე კონფერენცია გამიზნულია ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომელიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ხელშემწყობი მხარეა.
შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით დაგეგმილი სპეციალური სატრენინგო პროგრამა მომზადდა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ის ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს.
• ცირკულარული ეკონომიკის სისტემაში ბუნებრივი რესურსები ეფექტიანად მოიხმარება, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია.
• ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია: სამრეწველო ნარჩენების შეკვეცა, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირება, ასევე კლიმატური ცვლილებების შერბილება. ცირკულარული ეკონომიკა არის ის ეფექტიანი გზა, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის საშუალებას იძლევა.
• ნაკლები ენერგიისა და ნედლეულის გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული ბიზნეს მოდელების წყალობით შექმნილი კომერციული შესაძლებლობების გამო, ცირკულარული ეკონომიკით მთელი მსოფლიოს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ამ კონტექსტში, ბიზნეს ინიციატივისა და პარტნიორობის მრავალი მაგალითი არსებობს, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებით, სტიმულის მომცემნი არიან. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში ბიზნესის როლი უდავოა.
• მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძალიან ადრეულ ეტაპზე იმყოფება. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არსებითია განვითარების წინა ხაზზე დგომა, ნახტომისებური მოძრაობა და განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლით რეგიონში ლიდერებად გადაქცევა, რაც მდგრადობის დღის წესრიგს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.