პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია აჭარის რეგიონში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
2016 წლის 1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ქ. ბათუმის მერიაში, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიის, გამგეობების, საკრებულოების, ადმინისტრაციული ერთეულების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.