პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. თბილისში ჩატარებული ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ ორგანიზებით, 2015 წლის 5 მაისს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბ-ნი გიგლა აგულაშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოში ქ-ნი მარტინა კვიკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი; ბულგარეთის, ნიდერლანდების, იაპონიის საელჩოებისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები; იმერეთის გუბერნატორი; მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის გუბერნატორების, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები; მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი; კონსორციუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები, განხორციელებული ქმედებები და შედეგები, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები; აგრეთვე, საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე; ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში (კავკასიის ეკორეგიონი); „დავასუფთაოთ მსოფლიო“, „დავასუფთაოთ საქართველო“ – მოსახლეობის მობილიზაცია და საზოგადოების ჩართულობის და თვითშეგნების გაზრდა; სუფთა რეგიონი – 2014. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რამაც მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს, „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.