პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 29 აპრილს, პროექტის- „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი), რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, მისი მოადგილეები, ქ. რუსთავის მერი, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის გამგებლები, მათი მოადგილეები და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები , ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება; სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.