პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კახეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 13 მარტს , პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კახეთის რეგიონში (ქ. თელავი), რომელსაც ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ქ. თელავის მერის მოადგილეები, ქ. თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, გამგებლების მოადგილეები, სამსახურების უფროსები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები , ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება; სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.