პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 6 აგვისტოს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ოზურგეთის , ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის მერიის, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , საჯარო სამართლის იურიდიული პირების , არასამთავრობო ორგანიზაციების , მედიისა და სხვ ა წარმომადგენლები.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებ ა ადამიანის ჯანმრთელობაზე. გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.