პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის, სენაკის, მესტიის მუნიციპალიტეტებში, ფოთის მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) ნარჩენების სეპარაციის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, სამთავრობო მხარდაჭერის აუცილებლობა;
2) მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავმზიდი მანქანების მოძველებული ავტოფარეხი და კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა, შესაბამისად დასუფთავების სერვისის მიწოდების პრობლემა;
3) რეგიონში არსებული სპონტანური ნაგავსაყრელები;
4) ნარჩენების სეპარაციის დანერგვის აუცილებლობა (ზოგ მუნიციპალიტეტში მხოლოდ მუყაოს ყუთების შეგროვება მიმდინარეობს ფრაგმენტულად);
5) ნარჩენების წვის შემთხვევები და შესაბამისი სანქციებთან დაკავშირებული კანონაღსრულების პრობლემები;
6) მუნიციპალიტეტებში მაწანწალა ძაღლების პრობლემა: იკვებებიან ნარჩენებით და წარმოადგენენ ინფექციების პოტენციურ გამავრცელებლებს;
7) მდინარე (აბაშის) დაბინძურების პრობლემა ნარჩენებით;
8) მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კანონაღსრულების საკითხებში;
9) მიწოდებულ სერვისზე მოსახლეობისგან გადასახადის ამოღების პრობლემა, გადახდისუნარიანობის დაბალი დონე;
10) ინფორმაციის ნაკლებობა სახიფათო საყოფაცხოვრებო, სპეციფიური (აზბესტის ნარჩენები)და სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხებზე;
11) ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიებისა და მოქმედი გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;
12) საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა მოსახლეობის ფართო მასების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
13) არასამთავრობო სექტორისათვის ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის დონორების, გრანტების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ;
14) ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების აუცილებლობა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა;
15) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ ადგილობრივი და ცენტრალური მასმედიის საშუალებებით ხშირად გაშუქების აუცილებლობა.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით .