პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არსებული გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები – სოფლებიდან ნარჩენების გამოტანის პრობლემა; სოფლების მოსახლეობის მიერ თვითნებურად მოწყობილი სტიქიური ნაგავსაყრელები;
2) ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისთან დაკავშირებით იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული პრობლემები და გადასახადების ამოღების პრობლემა, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან;
3) სამშენებლო ნარჩენების მართვის/ განთავსების პრობლემა;
4) გარემოს დაბინძურებისათვის სანქციებთან დაკავშირებით კანონაღსრულების პრობლემები;
5) ნარჩენების წყაროსთან სეპარაციის დაწყების აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯ-სარგებლის განსაზღვრა;
6) ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სფეროში საგანმანათლებლო/ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტების დაფინასების შესაძლებლობების, დონორების შესახებ;
7) არასაკმარისი კონტეინერებისა და ნაგავმზიდების რაოდენობა;
8) ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
9) სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ( Public- Private- Partnership ( PPP ) ) დანერგვის შესაძლებლობა შეფასების აუცილებლობა რეგიონში;
10) საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხებზე მოსახლეობის ყველა ფენაში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა და საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.