პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) ინფორმაციის ნაკლებობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ მუნიციპალიტეტის დონეზე;
2) ინფორმაციის ნაკლებობა: მოქმედი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ, ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შესახებ საქართველოში;
3) ქვეყანაში, მუნიციპალური ნარჩენების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
4) წყაროზე ნარჩენების სეპარაციის პრობლემა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ფინანსური საკითხები (ნაგავმზიდებისა და კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა);
5) ნარჩენებით დანაგვიანებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო სანქციების (ჯარიმების) აღსრულების აუცილებლობა;
6) სახიფათო საოჯახო (მათ შორის სამედიცინო) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები;
7) რეგიონის მუნიციპალიტეტებში არ ა საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსები-შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის შემუშავებაზე;
8) სეზონზე (რეკრიაციულ ზონაში) ნარჩენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და დანაგვიანების პრობლემები, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა;
9) საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მოსახლეობის, დამსვენებლების, ტრანზიტით გამვლელი მძღოლების (მათ მიერ ნარჩენების დაყრის პრობლემა) ინფორმირებულობისა და ცნობიერების არსაკმარისი დონე, საინფორმაციო მასალის მომზადებისა და გავრცელების აუცილებლობა.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.