საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა.
- Home
- ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა.
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა. კონკურსი ჩატარდა შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, სბმკ “ორქისი”-ს მიერ, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ნაშრომს თემაზე –
ნარჩენების მართვა:
ავტორი საბა იობაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
“ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა”
ეკოლოგიური პრობლემა არის ერთ-ერთი ის საკვანძო საკითხი, რომელზე საუბარი წარმოუდგენელია გლობალური კონტექსტის გარეშე. მისი გადაჭრა მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ნაკლებად შეუძლიათ. დედამიწა არის ჩვენი სახლი, მის თითოეულ ოთახებში განსახლებულია ერები, ჩვენ კი ვალდებულები ვართ მოვუაროთ ჩვენს ოთახებს და ვიზრუნოთ საერთო სახლის კეთილდღეობაზე. სწორეთ ამ მიზნის განსახორციელებლად შევქმენით იმ წესთა ერთობლიობა, რასაც ნარჩენების მართვის კოდექსი ჰქვია. ამ კოდექსის ამოსავალი წერტილი არის ნარჩენების მართვის განხორციელება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის საფრთხის შექმნის გარეშე.
1972 წელს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიარდს შეადგენდა, 2012 წელს – 7 მილიარდი გახდა, ხოლო 2050 წლისთვის მოსახლეობის სავარაუდო მაჩვენებელი 9 მილიარდს მიაღწევს, რაც უკიდურესად გაამწვავებს ბუნებრივი რესურსების არსებულ დეფიციტს. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ 1935 წელს რესურსების რაოდენობა 30% იყო, 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა. ბუნებრივი რესურსების გამოყენების ზრდის კვალდაკვალ კატასტროფულად იზრდება ნარჩენების რაოდენობაც. მოსახლეობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ნარჩენების ზრდასთან. მატულობს მთელი რიგი ეკოლოგიური პრობლემების ჯაჭვი, იქნება ეს გლობალური კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის შეთხელება, ბუნებრივი რესურსების არაეფექტურად გამოყენება, ნარჩენების უმართაობა, გაუდაბნოების პროცესები, ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ჰაერისა თუ წყლის დაბინძურება. ეს ყველაფერი კაცობრიობას აყენებს დიდი საფრთხის წინაშე. დღეს ქვეყნების უმეტესობას აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობაა. უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენების ოდენობა. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებენ ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს ჭირდება ნარჩენების სწორი მართვა, რათა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები თავიდან აიცილოს.
ეკოლოგიური, გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის პრობლემების კუთხით არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. საქართველოშიც დაწყებულია გაუდაბნოების პროცესები, მისი თავიდან აცილების ზომები კი სუსტია: არ არის მელიორაციის სრულყოფილი სისტემები, ირიგაცია და დრენაჟი. არ ხდება ყოველწლიური სამელიორაციო ღონისძიებები, ტყეები იჩეხება და ნადგურდება. ატმოსფერული ჰაერი საშინლად არის დაბინძურებული, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ასევე დიდი პრობლემაა წყლის რესურსების არაგონივრული გამოყენება, წყლის ამჟამინდელი სიუხვე არ ნიშნავს იმას რომ ის ამოუწურავი რესურსია.
ჩვენს უახლოეს წარსულში ნარჩენები იყო ყველა ის მასალა, რაც არ გვჭირდებოდა და აღარ გამოდგებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, სატრანსპორტო, სამშენებლო, მყარი, თხევადი ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით. ერთეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, დღეს საქართველოში ეს დამოკიდებულება ნაკლებადაა შეცვლილი. მთავარი სიახლე ამ მიმართებით ისაა, რომ დღეს ნარჩენების უმეტესობა ხელოვნური წარმოებისაა და აღარ ექვემდებარება ბუნებრივ კომპონენტებად დაშლას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოში 2014 წლის 26 დეკემბერს მიიღეს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, თუმცა ხშირად ხდება ამ კანონის გვერდის ავლა. კოდექსის აღსრულება უმეტესად გამოიხატება ქუჩების დასუფთავებაში, ისიც თბილისისა და რეგიონების ცენტრალურ ქუჩებში მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში ნარჩენების მართვა ხორციელდება ხუთ პუნქტიანი მოდელის მიხედვით, რასაც ნარჩენების იერარქიასაც უწოდებენ. აღნიშნული იერარქია გულისხმობს:
პრევენციას;
ხელმეორედ გამოყენებას;
რეციკლირებას;
აღდგენას;
განთავსებას
საქართველოში არსებული ნარჩენების მართვის სისტემა ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული ნარჩენების შეგროვების, გატანისა და განთავსების სისტემა. ძალიან მცირე რაოდენობით ხდება ნარჩენების გადამუშავება და მეორად რესურსად გამოყენება. ბევრია უკონტროლო ნაგავსაყრელი. ნარჩენების არასწორი მოვლით წარმოიქმნება სათბურის გაზები, ჰაერში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, საპირისპიროდ, გამოიყოფა ნახშიროჟანგი, მომწავლელი ნივთიერებები, იმატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას, რომელიც ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას როგორიცაა ბრონქული ასთმა, სიმსივნური დაავადებები და სხვა. ქვეყნის ყველა რეგიონში გვხვდება უკონტროლოდ დაყრილი სამშენებლო ნარჩენი. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელის აშენება, მოაგვარებდა პრობლემას სურათი 1).
სურათი 1. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი
ჩვენს ნაგავსაყრელებზე შესაძლოა ვნახოთ ყველანაირი ნარჩენი ერთ სივრცეში; სხვა პრობლემაა თხევადი ნარჩენების გარემოში დაღვრა, რაც იწვევს მიწისქვეშ მის ჩაჟონვას და წყლებში შერევას. უკონტროლო ნაგავსაყრელზევე ავადდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელიც, ეს კი პირდაპირი მისამართია ჩვენი ორგანიზმისკენ.
დიდ სირთულეს წარმოადგენს ასევე საქართველოში არსებული კერძო კომპანიების -პროდუქტის მწარმოებლებისა და ქვეყანაში შემომტანების- მიერ წარმოქმნილი სახიფათო, არასახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების არსებობა, რომელიც ახდენს ზეგავლენას გარემოზე. ამ გარემოს დამაზიანებელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ამის საპირისპიროდ, განვითარებულ ქვეყნებში კომპანიები ერთიანდებიან და ქმნიან ასოციაციებს რომელებიც ფუნქციონირებს Producers Responsible organization (PRO) ფარგლებში. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება განსაზღვრულია კანონით (ნარჩენების მართვის კოდექსი). ვის რა ვალდებულება აქვს, რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე მომზადებულია/მიღების პროცესშია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები.
საქართველოში კომპანიების მიერ პროდუქტის წარმოებისას მისი ზეგავლენა გარემოზე ყურადღების მიღმა რჩება, მომხმარებელი შესყიდვისას ყურადღებას აქცევს მხოლოდ ფასსა და ხარისხს, მაშინ როდესაც არსებობს “მწვანე პროდუქტი”. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ კომპანიებმა შესაძლებლობის ფარგლებში უპირატესობა უნდა მიანიჭონ ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომლებსაც ნაკლები ზეგავლენა აქვთ გარემოზე. ასე შეძლებენ კომპანიები პასუხისმგებლობის აღებას გარემოს დაცვის კუთხით.
ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს სისტემა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებელი, რომელსაც პროდუქტი შემოაქვს ბაზარზე, იხდის გადასახადს ამ პროდუქტის შესაბამისი რაოდენობის ნარჩენის შეგროვებისა და რეციკლირებისათვის. ამ გადასახადის მიზანია: „გადაიხადე, როგორც ყრი“ (Pay as you throw – PAYT). ეს არის მოდელი, რომელიც გულისხმობს მეტ გადასახადს დაუხარისხებელ ნარჩენებზე. ამ მეთოდს აქვს ორი საკვანძო უპირატესობა: 1- ჯარიმდება ის, ვინც არ დაახარისხებს და 2 – ხელს უწყობს ნარჩენების დახარისხების პროცესს. ნაგავსაყრელზე ნარჩენების არასწორი მოვლის შემდეგ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის შემცირებისათვის შესაძლებელია ზოგიერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდის დანერგვა, რასაც ჰქვია ნაგავსაყრელის ჭიშკრის გადასახადი. რაც გულისხმობს საჯარო უწყების მიერ ნაგავსაყრელზე განთავსების სერვისის მომწოდებელისათვის/ნაგავსაყრელის ოპერატორისათვის გადასახადის დაწესებას, განთავსებული ნარჩენების წონის ან მოცულობის მიხედვით. რაც შეამცირებს, როგორც ნაგავსაყრელის ხარჯს, ასევე ნარჩენების რაოდენობას. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება განვითარებულ ქვეყანებში.
სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია ქუჩაში არსებული ნაგვის ურნები, მათ ნაცვლად უმჯობესი მიწისქვეშა სისტემების გამოყენება, რომელიც პრაქტიკულია და მოიცავს ავტომატიზებული ვაკუუმის (პნევმატური) შეგროვების სისტემას, იგი შედგება მიწისქვეშა სატრანსპორტო არხებისგან, რაც აადვილებს ნარჩენების ტრანსპორტირებას შეგროვების პუნქტებში. დღეისათვის თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქის ერთ უბანში დაიდგა ასეთი კონტეინერები, რაც მისასალმებელია.
ნარჩენების გადამუშავება არის ის გამოსავალი, რომელიც ცირკულარული/წრიული ეკონომიკის საფუძველია. ცირკულარული ეკონომიკაში კი სასიცოცხლო ელემენტები მუდმივ ბრუნვაში იმყოფება. რაც გამოუსადეგარი ნარჩენია ერთისთვის, ის შესაძლოა გამოადგეს სხვას და რესურსის წყარო გახდეს მისთვის. ნარჩენების გადამუშავება შეამცირებს ადამიანის მავნე ზემოქმედებას გარემოზე და მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, ამისთვის კი საჭიროა ნარჩენების დახარისხება სახლშივე მოხდეს. ამ პროცესის დანერგვით უნდა მივბაძოთ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან კარგი შედეგები აქვთ რეციკლირების დანერგვის შემდეგ. ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ავსტრია. მას არ ჩამორჩება გერმანია, სადაც ნარჩენების 62 % მუშავდება. მოწინავე ქვეყანათა სია ასე გამოიყურება: ტაივანი- 60%, სინგაპური- 59 %, სამხრეთ კორეა- 49%, დიდი ბრიტანეთი- 39%, იტალია -36% და საფრანგეთი- 35%. შვედეთში საბავშვო ბაღიდანვე ასწავლიან ბავშვებს, რომ პლასტიკის გადამუშავება შესაძლებელია შვიდჯერ, შემდეგ კი ექვემდებარება უტილიზაციას. საბოლოოდ შესაძლებელია ენერგიის წყაროდ გამოყენება (მაგალითად, საწვავად).
ერთერთ გამოსავლად ითვლება მინის ფართომასშტაბიანი გამოყენება. რადგან ის არ შედის რეაქციაში მასში მოთავსებულ პროდუქტთან და ინახავს მას ნატურალურად, საჭმლის გემო და სუნი მინაში დიდი ხნით ინახება, მინის გამჭვირვალობიდან გამომდინარე მასში მოთავსებული პროდუქტი ნათლად ჩანს. მისი უპირატესობა არის ის, რომ მინა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, შესაძლებელია მისი მრავალჯერადად გამოყენება და გადამუშავება. მინის ნარჩენების მექანიკური დამუშავებით შესაძლებელია მიღებული იქნეს ფერადი მარცვლები, რომელიც გამოიყენება (მაგალითად, იაპონიაში) ქვიშის მაგივრად სამშენებლო სამუშაოებში: ტროტუარების, ბილიკების დასაგებად, საკანალიზაციო ქსელის მოწყობისას მილების საფენად.
სურათი (2, 2.1 და 2.2) მინის ნარჩენების გამოყენება.
მინის შემადგენლობა (ქვიშა, სოდა და კირი) იძლევა იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი ნედლეულის ნაცვლად გამოყენებული იქნას ნარჩენი მინის პროდუქცია, ისევ მინის ჭურჭლის დასამზადებლად.
ასევე შეიძლება ქაღალდის ნარჩენების გამოყენება, როგორც შედარებით დაბალი ხარისხის ქაღალდის მისაღებად (მხოლოდ ორჯერ გადამუშავებაა შესაძლებელი), ასევე კომპოსტირების პროცესში და ენერგიის წყაროს დანამატად..
განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება საწარმოებში ნახშირის მაგივრად მეორადი მყარი საწვავი (RPF-Refuse Paper and Plastic Fuel), რომელიც წარმოადგენს მაკულატურის, ხის ნარჩენებისა და პლასტიკის ნარჩენების ნარევს. საქართველოში მისი გამოყენება შეიძლება მეტალურგიულ საწარმოში, თბოელექტროსადგურში საწვავად ნახშირის მაგივრად.
სურათი 3 და 3.1 RPF-ის ნიმუშები, დიამეტრი 30-50 მმ.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით შევძლებთ საქართველოში ნარჩენები ვმართოთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ყველა ჩვენგანის ვალია მონაწილეობა მივიღოთ ნარჩენების ეფექტიან მართვაში. გავაცნობიეროთ, რომ ნარჩენი რესურსია და ყველაზე ეკოლოგიური და ეკონომიურია ის ნარჩენები, რომელიც არ იყრება!